მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტეს საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტეს საერთაშორისო დღე აღინიშნა

07-06-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობითა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტთან პარტნიორობით, დანტე ალიგიერის საზოგადოების წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - დანტეს საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელი ალესანდრო სალაკონე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები, ქართული აკადემიური, კულტურისა და ხელოვნების წრეების წარმომადგენლები, ასევე, ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პედაგოგები და კურსების მსმენელები.

დანტეს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორმა საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

„სასიხარულოა, რომ დიდი შოთა რუსთველის ქვეყანაში დანტეს საერთაშორისო დღე აღინიშნება და რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს დიდი პატივია. ჩვენი ინიციატივითა და ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მრავალმხრივი მხარდაჭერით, ასევე, დანტე ალეგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის უშუალო ჩართულობითა და იტალიაში საქართველოს საელჩოს თანადგომით, ერთობლივად შემუშავდა საერთაშორისო პროექტი, რის შედეგადაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი  - „დანტეს კაბინეტი“. ერთობლივად შევიმუშავეთ იტალიური ენისა და კულტურის ეფექტური და ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინური უფასო კურსები, რომლებიც მთლიანად მორგებულია ევროპულ სტანდარტებსა და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე. ეს კურსები, პირველ რიგში, განკუთვნილია ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისა და თანამშრომლებისთვის. გარდა ამისა, ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს შეუძლია მიმართოს უნივერსიტეტს, უსასყიდლოდ შეისწავლოს იტალიური ენა და ეზიაროს ამ დიდ კულტურას. ამ ეტაპზე, ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ იტალიური ენა, სილაბუსის სახით, ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში აისახოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისა და ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანი მოვლენაა დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ოფიციალურად მიერთება საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმა Dante Global-თან, რაც თავისთავად, გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ციფრულ პლატფორმას უნივერსიტეტში მოქმედი „დანტეს კაბინეტიც“ მიუერთდება. შეუძლებელია, არ აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაცია იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან, სადაც ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არაერთი ჩვენი სტუდენტი თუ ახალგაზრდა მკვლევარი იღებს განათლებას და ეწევა კვლევით საქმიანობას. უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით იტალიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ენრიკო ვალვოს, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ალესანდრო სალაკონეს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას და რომელიც გადასცემს საქართველოს ტექქნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო სურვილებს დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ ანდრეა რიკარდისა და გენერალურ მდივანს, პროფესორ ალესანდრო მაზის. გვჯერა, ჩვენს უნივერსიტეტსა და დანტეს საზოგადოებას შორის თანამშრომლობა და მეგობრობა სამომავლოდ იმდენად გაძლიერდება, რომ შეიქმნება მყარი ფუნდამენტი ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული სივრცეების დაახლოებისთვის, რაშიც ღრმად დავრწმუნდით რომში ჩვენი ვიზიტისას. მეტიც, ყველა ის სტუდენტი თუ ახალგაზრდა მკვლევარი, რომლებიც იტალიურ ენასა და კულტურას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „დანტეს კაბინეტის“ მეშვეობით ეზიარებიან, სამომავლოდ აიღებენ ერთგვარი კეთილი ნების ელჩის ფუნქციებს საქართველოსა და იტალიის ურთიერთობებში“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელი ალესანდრო სალაკონე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე.

მისმა აღმატებულება ენრიკო ვალვომ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. ელჩის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან  კოლაბორაცია იტალიასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის აღმასრულებელი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებით ვუერთდებით დანტეს საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტსა და ბატონ რექტორს, რომ მხარი დაუჭირეს ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ინიციატივას. საუბარი ეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრის  - „დანტეს კაბინეტის“ დაფუძნებას და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ამ ფორმით განხორციელება მხოლოდ  საქართველოში და ამ უნივერსიტეტში გახდა შესაძლებელი. ჩვენი მხრივ, ყოველთვის მზად ვართ, ორი ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, როგორც უნივერსიტეტს, ასევე, საზოგადოების თბილისის კომიტეტს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში პირველად იმყოფება დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელი, ბატონი სალაკონე. მადლობას ვუხდით, საზოგადოების თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ცერცვაძეს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ქალბატონ ნათია სულავას, რომელიც, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას 2022 წელს. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთომა მეტად ინტენსიურ ხასიათს იღებს, რასაც ადასტურებს გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში, ასევე, ორი თვის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ითვალისწინებს კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას. აგრეთვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იტალიაში. ყოველივე ამას ემატება საქართველოსა და იტალიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ინტენსიური ხასიათი და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის გაზრდილი ურთიერთობები, რაც საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და მეგობრობის განმტკიცების გარანტი ხდება“, - აღნიშნა ენრიკო ვალვომ.

დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის წარმომადგენელმა ალესანდრო სალაკონემ საზოგადოების ახალი პროექტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. საანგარიშო მოხსენებით წარსდგა ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, რომელიც, ასევე, შეეხო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით განსახორციელებელ სამომავლო პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის აკადემიური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას. 

ღონისძიებაზე ADA-ს საერთაშორისო კურსის ატესტატები გადაეცათ უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც, სტუ-სა და ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, იტალიური ენის შემსწავლელი A1-A2 დონის კურსები უსასყიდლოდ გაიარეს.

საზეიმო ღონისძიება დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის - „დანტე - პოეტის გადასახლება“ ჩვენებით დასრულდა.  

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11