საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.
ღონისძიება თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ ცინცაძის ინიციატივითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
დასაქმების ფორუმზე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის სივრცეში მოეწყო, სხვადასხვა პროფილის მქონე 20-მდე ორგანიზაციის სტენდი იყო განთავსებული. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე, დასაქმების მაძიებელმა ახალგაზრდებმა, რომელებმაც აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს. დამსაქმებელთან კონსულტაციის გავლის შედეგად, ახალგაზრდებს სასურველი ვაკანსიების შერჩევისა და განაცხადების შევსების შესაძლებლობა ადგილზევე მიეცათ.
დასაქმების ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და წევრები - ვლადიმერ ბოჟაძე და ლევან აბაშიძე.