მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, მსოფლიო ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს სწავლას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი დაუფინანსებს

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, მსოფლიო ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს სწავლას უნივერსიტეტის განვითარების ფონდი დაუფინანსებს

22-05-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის ინიციატივით, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტს, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს სწავლის საფასურს უნივერსიტეტის განვითარების ფონდი დაუფინანსებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააჟღერა.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ პირველობას ჩვენს საამაყო სტუდენტს, ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანს და მსოფლიო ჩემპიონს, ლუკა მაისურაძეს. მინდა მოგახსენოთ, რომ უნივერსიტეტის განვითარების ფონდი მზადაა ლუკას სწავლის საფასური დაუფინანსოს. ვუსურვებ მას წარმატებებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლუკა მაისურაძე ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, უნივერსიტეტის განვითარების ფონდსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს.

„მადლობას მოგახსენებთ ყველას, იმ ყურადღებისა და სითბოსათვის, რომელსაც გამოხატავთ ჩემ მიმართ. ყოველდღიურად ვგრძნობ თქვენ გვერდში დგომას, რაც მაძლევს სტიმულს და მაძლიერებს. გაძლევთ პირობას, რომ არაერთხელ ვასახელებ საქართველოს და ჩემს უნივერსიტეტს“, - განაცხადა ლუკა მაისურაძემ.

ინფორმაციისთვის, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, ერთმანეთს ორი ქართველი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდა. ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება წილად მაისურაძეს ხვდა, რომელმაც დამატებით დროში ვაზარით მოიგო. შედეგად, მან ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11