მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტურ საკითხებთან დაკავშირებით გაფართოებული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტურ საკითხებთან დაკავშირებით გაფართოებული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

24-03-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერისა და აქტივაციის მიზნით, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას, რომელიც სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტური სერვისების ცენტრისა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი კოორდინაციით ჩატარდა, ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის სამივე სტრუქტურული ერთეულების და თვითმმართველობის ხელმძღვანელები, თანამშრომლები, ფაკულტეტების სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები და ფაკულტეტებზე სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორები.

გაფართოებული სამუშაო შეხვედრის მოდერატორმა, სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარებული საუნივერსიტეტო სტუდენტური ღონისძიებები მიმოიხილა და იმ წარმატებულ შედეგებზე ისაუბრა, რაც უნივერსიტეტის სპორტულმა გუნდებმა და შემოქმედებითმა კოლექტივებმა უნივერსიტეტებს შორის თუ ინდივიდუალურად გამართულ ღონისძიებებზე თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მიაღწიეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო სტუდენტური აქტივობების შეუფერხებლად ჩატარებისა და სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობისთვის აუცილებელი ღონისძიებები და მათთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს. მოსაზრებების შეჯერების შემდეგ, ყოველ კონკრეტულ სამომავლო აქტივობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამოქმედო გეგმა შემუშავდა.  

როგორც გაფართოებულ შეხვედრაზე დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, სტუდენტური ღონისძიებების შეუფერხებლად და სრულფასოვნად განხორციელებისთვის ახალგაზრდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა ექნებათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

24.03.2023


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11