მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22-03-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო კურსების შემუშავება-იმპლემენტაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული საკითხებს დაარეგულირებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმის მიზანია საინჟინრო გეოდეზიის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, გეოდეზიის და კარტოგრაფიის მოკლევადიანი სასწავლო კურსის შემუშავება, ასევე, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების მომზადება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მოკლევადიან სასწავლო პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული უნარების გაძლიერებასა და კარიერულ განვითარებას. ახალგაზრდებისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, პროფესიული მიმართულებით მაღალკვალიფიციური ცოდნა მიიღონ. გარდა ამისა, ახალი, მოკლევადიანი სასწავლო კურსი სათანადოდ გადამზადებული კადრებით უზრუნველყოფს დარგს, რომლის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პროფესორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ აღნიშნა, სააგენტოსთვის, რომელიც  გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ტოპოგრაფიის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტის განმახორციელებელი უწყებაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობას. მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიულ და კარიერულ განვითარებას ხელს შეუწყობს პრაქტიკული საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დასაქმდნენ, როგორც  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ასევე, სხვა მომიჯნავე ორგანიზაციებში.

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მოკლევადიანი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა, შინაარსი და სწავლის მეთოდი სასწავლო კურსის სილაბუსით განისაზღვრება. მის მიღებაზე პასუხისმგებელია მემორანდუმით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭო, ხოლო კურსის მონაწილე სტუდენტების შერჩევაზე პასუხისმგებლობას უნივერსიტეტი აიღებს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე სტუდენტებზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა. სერტიფიცირებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ სტაჟირება, დასაქმების პერსპექტივით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიარონ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11