საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო სესია გაიხსნა.
საგაზაფხულო სესიაზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა გაიარეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ შეიქმნა 2018 წელს. ცენტრი წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ატარებს ლექციებს სკოლის მოსწავლეებისათვის ისეთ თემებზე, როგორიცაა: მეწარმეობა; მენეჯმენტი; მარკეტინგი; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; გუნდურობა; ლიდერობა; კომუნიკაბელურობა; კრეატიულობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება; ეტიკეტი და ა.შ.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების დეკანის, პროფესორის რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, პროექტს საჯარო სკოლის ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე შეუძლია შეუერთდეს. „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სკოლის მოსწავლეებს ლექციებს ფაკულტეტის პროფესორები და დოქტორანტები უკითხავენ.
„ეს არის პროექტი, რომელსაც საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოხატეს. უკეთ რომ გავიგოთ მათი სურვილების შესახებ, გვაქვს ჟურნალი, სადაც პროექტის მონაწილეები თავის მოსაზრებას წერენ, აფიქსირებენ ინტერესის სფეროს, რომელსაც ჩვენ ვითვალისწინებთ. სამწუხაროა, რომ პანდემიის პერიოდში გვქონდა იძულებითი წყვეტა. წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ინიციატივით და გვერდით დგომით, განვაახლეთ პროექტი, რისთვისაც მას დიდი მადლობა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდით ასეთი დიდი ინტერესი თუ იქნებოდა. დედაქალაქის სკოლის მოსწავლეების გარდა, რეგიონების სკოლის მოსწავლეებმაც გამოხატეს პროექტში ჩართვის სურვილი. საერთო ჯამში გვაქვს 60 ადგილი, რომელიც მთლიანად შევსებულია“, - აცხადებს პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე.
პროექტის პირველი დღე გაცნობით ხასიათს ატარებს. მოსწავლეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები დაათვალიერეს. დღის ბოლოს კი ლექცია „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ დამაარსებელმა პროფესორმა მერაბ მიქელაშვილმა ჩაატარა.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს ბატონ მერაბ მიქელაშვილს, ასეთი საინტერესო პროექტისათვის, რომელიც, როგორც წესი შაბათობით გაიმართება. საგაზაფხულო სესია 7 ლექციას მოიცავს. ჩვენ მხოლოდ 60 ადგილზე ვაცხადებთ მიღებას, თუმცა, გვაქვს საშუალება კონტიგენტი გავზარდოთ. ეს გადაწყვეტილება ფაკულტეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ვნახეთ, რომ მოსწავლეებს შორის პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ყოველ სემესტრში გვეყოლება ერთი ნაკადი. აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდა მეცნიერთა ცენტრის“ გასული წლების სესიების მონაწილე მოსწავლეთა დაახლოებით 50%-ი უკვე ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტია, რაც თავისთავად პროექტის წარმატებაა“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო სესია 6 მაისს დასრულდება. ფაკულტეტი პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატებს გადასცემს. მოსწავლეები შთაბეჭდილებების წიგნში თავიანთ მოსაზრებებს ჩაწერენ.