მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში მონოგრაფიის - „საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისი“ პრეზენტაცია გაიმართა

სტუ-ში მონოგრაფიის - „საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისი“ პრეზენტაცია გაიმართა

23-01-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერესიტეტში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მონოგრაფიის - „საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისი“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, მონოგრაფიის რეცენზენტმა, სტუ-ის პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ გახსნა.

მონოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ ნაშრომის კონსულტანტმა და რეცენზენტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კათედრის გამგემ, პროფესორმა მურმან პაპაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მონოგრაფია მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო გამოკლვლევაა, რომელიც  მრავალი ფაქტობრივი სიახლისა თუ განზოგადებული დასკვნების მატარებელია და უდავოდ დააინტერესებს,  როგორც   სტუდენტებს, ასევე ფართო საზოგადოებას.

როგორც მონოგრაფიის ავტორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ აღნიშნა, საქართველოს ევროპული ორიენტაცია არ არის თანამედროვე მოცემულობა და მას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. სწორედ ევროპულ სამყაროსთან საქართველოს მუდმივმა კულტურულმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კავშირებმა განსაზღვრა ევროპული ფასეულობებისადმი ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება და გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის პროცესში.

ავტორმა, ასევე, ისაუბრა ერთიანი ევროპის იდეის მხარდაჭერისა და ევროპული ფასეულობების ქართულ რეალობაში დამკვიდრების საქმეში ქართველი ემიგრანტებისა და განმანათლებლების განსაკუთრებული წვლილზე.

პროფესორ ემზარ ფაჟავას განმარტებით, ნაშრომზე მუშაობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ევროპული იდენტობის თემა იყო. მისი აზრით, საქართველოს ევროპული იდენტობის მატრიცა, ძირითადად, დაეფუძნა ყველა იმ მარკერს, რომელსაც ეყრდნობა ევროპული და ქართული იდენტობის მახასიათებლები, კერძოდ: საერთო წინაპარი, გეოგრაფიული და კულტურული ფაქტორი თავისი მრავალი სპექტრით.

ავტორის დასკვნით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისის კვლევა აუცილებელი იყო, ვინაიდან საქართველოს დასავლურ სამყაროსთან წარსული ისტორიული ურთიერთობის პერსპექტივის შესწავლასა და ახლებურ გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შემდგომი განვითარების გააზრებისთვის.

როგორც ავტორი მიიჩნევს, საჭიროა კვლევის გაგრძელება საქართველოს ევროპეიზაციის კუთხითა და  ქართულ-ევროპულ ღირებულებათა მსგავსების დადგენის მიზნით, მათ შორის საქართველოს ევროპული იდენტობის ცალკეული მახასიათებლების ფართო ანალიზით. 

პროფესორმა ემზარ ფაჟავამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ პროექტის ფინანსური მხარდაჭერითვის. ავტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომლის  ბაზაზეც აღნიშნული პროექტი განხორციელდა, ასევე, პოლ ზაზაძესა და მის ოჯახს, მიუნხენის უნივერსიტეტის არქივს, ბავარიის (მიუნხენის) ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, პროექტის კონსულტანტს, თსუ-ის პროფესორ მურმან პაპაშვილს - მუშაობის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის.

როგორც მონოგრაფიის პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ევროპული ორიენტაციის საკითხებზე, ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების სტუდენტებს სემინარები ჩაუტარდათ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11