მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

09-12-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით,  დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე, რომელშიც კერძო სექტორის 20-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, ზამთრის კურორტებზე არსებული 500-მდე ვაკანსია იყო წარდგენილი. სტუდენტები და დაინტერესებული პირები პირადად შეხვდნენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგნლებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და შეარჩიეს სასურველი ვაკანსიები.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ნინო ველთაურის განცხადებით, სამუშაო კადრების დეფიციტიდან გამომდინარე, ბიზნეს-სექტორი მზადაა, ყაზბეგში, გუდაურში, ბორჯომში, ცემში, ბაკურიანსა და მესტიაში, უზრუნველყოს დასაქმება, უკვე შერჩეული თანამშრომლების ტრანსპორტირება და დაბინავება. შესაბამისად, ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიები ორიენტირებულია თბილისში თუ რეგიონში მცხოვრები პირებისთვის.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან, იმდენად, რამდენადაც ახალგაზრდების დასაქმება პრიორიტეტულია. სააგენტოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. როდესაც სტუ-ში გაიმართა დასაქმების ფორუმი, ჩვენ ჩართული ვიყავით. გვსურს ეს თანამშრომლობა უფრო გავაღრმავოთ, რადგან სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული განვითარების კუთხით კონსულტირება. ამ მიმართულებით უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სტუდენტებისათვის ძალიან სასარგებლო იქნება, მით უფრო, რომ სტუ-ში ისწავლება ის პროგრამები, რომელზედაც შრომის ბაზარზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, შესაბამისად, შესაძლებელია ძალიან კარგი და ეფექტური კოორდინაციის მექანიზმების აგება. ჩვენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ჩავატარეთ მოთხოვნადი პროფესიების კვლევა. ეს აუცილებელი და ძალიან საჭიროა, იმისათვის, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებით მოკლევადიანი სასწავლო კურსები დაიგეგმოს“, - განაცხადა ნინო ველთაურმა.

ინფორმაციისთვის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს სამუშაოს მაძიებლები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11