მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-მ წმნიდა ილია მართლის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სტუ-მ წმნიდა ილია მართლის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

02-12-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა საპატრიაქოსთან არსებულ წმნიდა ილია მართლის სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

მომავალ აბიტურიენტებსა და მათ პედაგოგებს ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, დეკანის მოადგილე, პროფესორი მაია კილაძე და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსი, აუდიტორიები, სტუდენტური სივრცეები, სასწავლო ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტიპის სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერებინეს. გარდა ამისა, წმინდა ილია მართლის სკოლის მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ლაბორატორიებში, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ცდების ჩატარების საშუალება მიეცათ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ქვარცხავას განცხადებით, სკოლის მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სასწავლო ლაბორატორიებმა, სადაც არაერთი უნიკალური კვლევა ტარდება.

„ფაკულტეტი აღჭურვილია უნიკალური სასწავლო ლაბორატორიებით, სადაც, ასევე, უნიკალური კვლევები და ექსპერტიზა ტარდება. მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი სწორედ სამეცნიერო კვლევებმა გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, ამის მოლოდინი გვქონდა და შესაბამისად, მომავალ აბიტურიენტებს სრულ მზადყოფნაში დავხვდით, რათა მათი უშუალო მონაწილეობით მარტივი ცდები ჩაგვეტარებინა. წმნიდა ილია მართლის სკოლიდან ფაკულტეტს 40-მდე მოსწავლე ეწვია. ჩვენ ისინი ორ ჯგუფად დავყავით და ლაბორატორიის თანამშრომლებისა და პროფესორების ზედამხედველობით, ცდების ჩატარების საშუალება მივეცით. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა ცდების ჩატარების შემდეგ უფრო მასშტაბური სამუშაოების ჩატარების სურვილი გამოთქვეს. მოსწავლეთა დიდი ინტერესი, ასევე, ჩვენი ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებმა გამოიწვია და მათ არაერთი საინტერესო შეკითხვა დაგვისვეს“, - განაცხადა პროფესორმა გიგა ქვარცხავამ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა საპატრიაქოსთან არსებული წმნიდა ილია მართლის სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს, შეხვედრის მეორე ეტაპზე, ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად, დარგობრივი მიმართულებით სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსში განთავსებულია კეთილმოწყობილი სასწავლო აუდიტორიები და 32 ერთეული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია. ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები -Viticulture and enology და Agronomy. ბაკალავრიატის ცხრა პროგრამიდან რვა, სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაფინანსებული, რაც დარგის განვითარებისა და პროფესიონალი კადრების  მომზადების საქმეში სახელმწიფოს უდიდეს მხარდაჭერაზე მიუთითებს. ჩვენი წარმატებული სტუდენტები ერთდროულად ორ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და  საფრანგეთის უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ. აღსანიშნავია, რომ  აგრარული  მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეთა და მათ პედაგოგთა სტუმრობა ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიებში სისტემატურ ხასიათს ატარებს, რაც სამომავლოდ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საწინდარია. სწორედ ასეთი შეხვედრები აღვივებს მოსწავლეთა შორის დარგით დაინტერესებას“, - აღნიშნა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მაია კილაძემ.

ახალგაზრდა თაობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესება ყოველწლიურად მზარდია, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცხადყოფს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11