მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, AGRIS-ის ქსელის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს

სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, AGRIS-ის ქსელის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს

02-12-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, როგორც სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემა AGRIS-ის (Agricultural Science and Technology) ჰაბი საქართველოში, მიმდინარე წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, ატარებს საინფორმაციო კამპანიას - „აღმოაჩინე სოფლის მეურნეობის კვლევის უახლესი ტენდენციები და ყველაზე მოთხოვნადი მონაცემები ღია მეცნიერების პლატფორმა AGRIS-ის საშუალებით“.

სტუ-ის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს, ქვეყნის მასშტაბით AGRIS-ის საერთაშორისო სისტემისა და სოფლის მეურნეობის კვლევების რეალიზაციის ღია პლატფორმის პოპულარიზაციასა და მისი მნიშვნელობის ამაღლებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, „ტექინფორმი“, როგორც AGRIS-ის ჰაბი საქართველოში, აქტიურად ეწევა სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემისა და ვებპლატფორმის პოპულარიზაციას ქვეყანაში მოქმედ ყველა მიზნობრივ ჯგუფში, რითაც ხელს უწყობს სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO, საერთაშორისო სისტემა AGRIS-ის მეშვეობით, მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით უზიარებს სამეცნიერო ინფორმაციას სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში AGRIS-ის ჰაბია, აქტიურად უწევს პოპულარიზაციას AGRIS-ის სისტემისა და პლატფორმის გამოყენებას საქართველოში, მით უმეტეს, რომ მთელს მსოფლიოში AGRIS-ი აღიარებულია, როგორც მძლავრი საინფორმაციო რესურსი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის უახლეს ინფორმაციას სამეცნიერო-ტექნიკური მოვლენებისა თუ რეკომენდებული სტანდარტების შესახებ. „ტექნიფორმის“ საინფორმაციო კამპანიაც სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ღია მეცნიერების პლატფორმა AGRIS-ის საშუალებით, ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების უახლესი ტენდენციებისა და ყველაზე მოთხოვნადი მონაცემების ხილვადობის, მათზე ხელმისაწვდომობისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენების შესაძლებლობის ზრდას ყველა სამიზნე ჯგუფში - ეს იქნება კვლევითი ორგანიზაციები, მეცნიერ-მკვლევრები, უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები, სახელმწიფო სტრუქტურები და ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაცია ან პირი“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორი, დოქტორი ნელი მახვილაძე აღნიშნავს, ინსტიტუტს აქტიური  წვლილი შეაქვს AGRIS-ის მონაცემთა ბაზის პოპულარიზაციაში, ხელმისაწვდომობასა და განახლება-განვითარებაში.

„AGRIS-ი სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილი მონაცემთა ბაზაა მსოფლიოში. AGRIS-ის ვებპლატფორმის საშუალებით, მილიონობით ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი უფასოდ, 90 ენაზეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მომხმარებლისთვის და მოიცავს FAO-ს საქმიანობის ყველა სფეროს. მონაცემების მიმწოდებელთა საერთაშორისო ქსელს ქმნიან გამომცემლობები, უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები, ქვეყნების მთავრობები, რომლებიც AGRIS-ის ბაზას ნებაყოფლობით აწვდიან ინფორმაციას, იგივე მეტამონაცემებს სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ. ინფორმაცია მოიცავს სრული ტექსტების ბმულებს იმ მიზნით, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ნებისმიერი ქვეყნის დაინტერესებულ პირს, პირთა ჯგუფს და ორგანიზაციას ჰქონდეს. სამეცნიერო ლიტერატურის და ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მონაცემთა ამ უმსხვილეს ბაზაში განთავსებით, AGRIS-ი უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კვლევების შესახებ ინფორმაციაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ამასთან ერთად, ყველა ეს ინფორმაცია საძიებო სისტემა Google Scholar-ის მიერ არის ინდექსირებული. „ტექნინფორმს“, როგორც AGRIS-ის ჰაბს საქართველოში, თავის მხრივ, დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ქვეყანაში AGRIS-ის მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობაში, ასევე, მის განახლებასა და განვითარებაში. რაც მთავარია, AGRIS-ში მონაწილეობით იზრდება ჩვენი ქვეყნიდან შეტანილი მონაცემებისა და ინფორმაციის, როგორც საერთაშორისო ხილვადობა, ასევე, მათი გავრცელების საერთაშორისო არეალი. „ტექნინფორმის“ საინფორმაციო კამპანიის მიზანი სწორედ ეს არის - ხელი შეუწყოს და განავითაროს ღია მეცნიერების პრინციპები, რაც დაფუძნებულია ღია თანამშრომლობაზე და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პროცესში ცოდნის, მეთოდებისა და ინსტრუმენტების მყისიერ და ფართო სისტემურ გაზიარებაზე. ამ მიმართულებაზე მუშაობს „ტექნინფორმის“ გუნდი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, დოქტორ მარინა რაზმაძის ხელმძღვანელობით. ღია ხელმისაწვდომობა კვლევის ისეთ შედეგებზე, როგორიცაა: პუბლიკაციები, მონაცემთა ბაზები, მოდელები, ალგორითმები და სამუშაო ნაკადები, გადამწყვეტია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევის მოწინავე მეთოდების დანერგვისთვის და მძლავრი ინსტრუმენტია მდგრადი განვითარების მიზნების დასაჩქარებლად“, - განმარტავს დოქტორი ნელი მახვილაძე.

სტუ-ის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი „ტექინფორმი“, 2000 წლიდან, როგორც სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემის (AGRIS) ეროვნული ცენტრი, ხოლო 2020 წლიდან, უკვე როგორც AGRIS-ის ჰაბი საქართველოში, აქტიურად მუშაობს AGRIS-ის მონაცემთა ბაზის გაზიარებისა და განახლება-განვითარების მიმართულებით.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11