მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ცნობილი მეცნიერის, ნოდარ ხარატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

სტუ-ში ცნობილი მეცნიერის, ნოდარ ხარატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

30-11-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული ტელეკომუნიკაციის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლის, ცნობილი მეცნიერისა და მასშტაბურად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწის, სტუ-ის პროფესორის, ნოდარ ხარატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის - „მოგონებები. ნოდარ ხარატიშვილი - პროფესორი, ავიატორი, ვიზიონერი“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, პროფესორ ნოდარ ხარატიშვილის კოლეგები და ოჯახის წევრები.

პრეზენტაცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, რომელმაც ქართული ტელესაკომუნიკაციო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლისა და სტუ-ის  კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დამაარსებლის, პროფესორ ნოდარ ხარატიშვილის სამეცნიერო ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

„შესაშურია, რომ ადამიანმა, რომელიც ასეთი მრავალმხრივი იყო, დაბრკოლებებით სავსე ცხოვრების გზა ისე გაიარა, რომ ყველგან წარმატებული იყო. ამ რთულ გზაზე მან უდიდესი კვალი დატოვა. დარბაზში მყოფთაგან, ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც ბატონი ნოდარის პირადად გაცნობის ბედნიერება არ ჰქონია, მე ის ამ წიგნის ფურცლებიდან გავიცანი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ადამიანები გაძლევენ ძალას, გააკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, არ შეუშინდე დაბრკოლებას. ბატონი ნოდარის მრავალი მიღწევიდან, მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ბატონმა ნოდარმა საფუძველი  ჩაუყარა საქართველოში ტელეკომუნიკაციის სკოლას, ასევე, ბატონი ნოდარის სახელთანაა დაკავშირებული 1970 წელს კავშირგაბმულობის კათედრისა და 1972 წელს კავშირგაბმულობის ფაკულტეტის ჩამოყალიბება; მის სახელს უკავშირდება ციფრული სიგნალების გადაცემის დარგობრივი ლაბორატორიის ჩამოყალიბება, სადაც, მისი თაოსნობით შექმნილმა უნიკალურმა აპარატურამ, 1985 წელს, ქალაქ დუბნაში ინტერკოსმოსის პროგრამით გათვალისწინებულ ექსპერიმენტში ურთულესი ტესტირება გაიარა და ყოფილი საბჭოეთის ისტორიაში პირველად, დედამიწის ხელოვნული თანამგზავრით, სამაუწყებლო ფერადი ტელევიზიის სიგნალი ციფრული ფორმით გადაიცა კოსმოსში და შეკუმშული სახით უკან დაბრუნდა. ეს აღმოჩენა შემდგომ არაერთ სხვა პროექტში იქნა გამოყენებული. მადლობა ბატონ ნოდარს ყველაფრისათვის“, - განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, ნოდარ ხარატიშვილმა და მისმა  მოსწავლეებმა საქართველო მსოფლიოს გააცნეს.

„ნოდარ ხარატიშვილი, ერთ-ერთი იმ ბედნიერ მეცნიერთაგანია, რომელმაც სამშობლოს მრავალი სახელოვანი მეცნიერი აღუზარდა. მის სახელს სამეცნიერო სკოლის დაარსება და მრავალი გამოგონება უკავშირდება, თუმცა მე გამოვარჩევდი ერთ-ერთს, დედამიწის თანამგზავრის გამოყენებით გამოსახულების სიგნალის ციფრულ ფორმაში გადაცემას, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისა იყო, ისევე, როგორც მისი სხვა გამოგონებები. წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, მოიცავს ნოდარ ხარატიშვილის შესახებ ქართველი თუ უცხოელი მეცნიერების, მისი კოლეგების, მოსწავლეებისა და მეგობრების, ასევე, ოჯახის წევრების მოგონებებს. ბატონ ნოდარს ყოველთვის ახასიათებდა შეუპოვრობა და ახლის ძიების იშვიათი უნარი. რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ 72 წლის ასაკში მან ამერიკის საფრენოსნო სკოლა დაამთავრა, მფრინავის ლიცენზია მოიპოვა და პილოტის რანგში შთამბეჭდავი მარშრუტი განახორციელა: აშშ-ის ჯორჯიის შტატიდან კანადის, გრენლანდიის, ისლანდიისა და რიგი ქვეყნების გავლით საქართველოში დაეშვა. ვფიქრობ, მოგონებების წიგნად გამოცემა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენმა ახალგაზრდა მკვლევრებმა, და არა მხოლოდ მათ, უკეთ გაიცნონ ის ადამიანები, ვინც მათ საშუალებას აძლევს, მომავალი აშენონ. მადლობას ვუხდით პროფესორ ნოდარ ხარატიშვილის ოჯახს, ვინც ამ დიდი მეცნიერის მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები თუ ფოტომასალა შეკრიბა და საზოგადოებამდე მიიტანა“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

პრეზენტაციის დასასრულს, ცნობილი მეცნიერის ქალიშვილმა, ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კოლეჯ VIVES-ს (ბელგია) პროფესორმა, მაკა ხარატიშვილი დე ლამეიორმა, ოჯახის სახელით, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტსა და იმ მეცნიერებს, რომლებმაც მოგონებებითა და ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ისტორიული მოვლენების აღწერით, წიგნის გამოცემაში თავიანთი წვლილი შეიტანეს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც, მსოფლიო მასშტაბით, ნოდარ ხარატიშვილთან ერთად სამეცნიერო კვლევებსა და ახალ წამოწყებებში მონაწილეობდნენ.

ინფორმაციისთვის, პროფესორი ნოდარ ხარატიშვილი იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ამავე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი, უკრაინისა და ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, საუკეთესო სპეციალისტთა მრავალი თაობის აღმზრდელი. 1992-1998 წლებში მას ეკავა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. პროფესორი ნოდარ ხარატიშვილი, 2021 წლის 6 აპრილს, კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს მეცნიერთა და საზოგადო მოღაწეთა პანთეონში.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11