მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის პროფესორმა ტექნოპარკში საჯარო ლექცია - ,,ევროკავშირის ციფრული კომპასი - 2030“ ჩაატარა

სტუ-ის პროფესორმა ტექნოპარკში საჯარო ლექცია - ,,ევროკავშირის ციფრული კომპასი - 2030“ ჩაატარა

29-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბენიამ, „ტექნოპარკ თბილისში“ საჯარო ლექცია - ,,ევროკავშირის ციფრული კომპასი - 2030“  ჩაატარა.

საჯარო ლექციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესა და გაეროს ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, მაია ბენიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, ევროკავშირი ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ციფრული გეგმების გლობალურად განხორციელებას, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტებისადმი შესაბამისობას და მათთან დაახლოებას. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს მისი ციფრული მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებასა და მდგრადობას.

„ციფრულმა ტექნოლოგიებმა უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული ფუნქცია იტვირთა ეკონომიკური და სოციალური აქტივობის შესანარჩუნებლად კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში. სწორედ ეს ტექნოლოგიები იქნება ძირითადი მადიფერენცირებელი ფაქტორი წარმატებული გარდაქმნის პროცესში, რაც მდგრადი პანდემიისშემდგომი ეკონომიკისა და საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. როგორც ბიზნესი, ისე მოსახლეობა ისარგებლებს მეტი ციფრული შესაძლებლობით, რაც ხელს შეუწყობს მდგრადობას და შეამცირებს დამოკიდებულებას ყველა დონეზე - დაწყებული მრეწველობის დარგებით, დამთავრებული ცალკეული ტექნოლოგიებით. ციფრული ტრანსფორმაციის მიმართ ევროპული მიდგომა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ხდება მსოფლიოში. საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) ხელს უწყობს ამ პრინციპების დანერგვას ყველა სექტორში. ევროკავშირის დაფინანსება, ხელმისაწვდომი აღდგენისა და მდგრადობის ინსტრუმენტის ფარგლებში, იძლევა უპრეცედენტო მასშტაბისა და ინტენსივობის თანამშრომლობის საშუალებას, როგორც წევრ, ისე პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს შორის. ეს კი აუცილებელია წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციისთვის“, - აცხადებს მაია ბენია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, ევროკავშირი ესწრაფვის ციფრულ სუვერენიტეტს და ისეთი ღია ციფრული პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც აძლიერებს საზოგადოებასა და ბიზნესს მოქალაქეებზე ორიენტირებული, მდგრადი და კიდევ უფრო წარმატებული ციფრული მომავლის უზრუნველსაყოფად.


„პანდემიამ ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიები და უნარები სწავლასა და დასაქმებაში. ამ მიმართულებით მკაფიო გზას „ევროკავშირის ციფრული კომპასი“ გვთავაზობს. ხარვეზების აღმოფხვრითა და ინვესტირების დაჩქარებით, ევროკავშირი ხელს უწყობს საკუთარი ციფრული გეგმების პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში, ასევე, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტებისადმი შესაბამისობას და მათთან დაახლოებას. ამ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უახლესი ტიპის ლაბორატორიები, საიმედო და მდგრადი ციფრული ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართვას მეტად მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებში. საერთაშორისო პროცესები, რომლებიც ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციასა და სახელმწიფო სერვისების ციფრულ გარდაქმნას უკავშირდება, სათანადო კადრების მომზადება ითხოვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ეყოლება ციფრული უნარებით აღჭურვილი მოქალაქეები და მაღალი ციფრული კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები. ამდენად, მსგავსი საჯარო ლექციების ჩატარება დროული და მრავლისმომცველია“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ერთ-ერთია ევროპოლიტიკის იმ ხუთი პრიორიტეტიდან, რომელიც ევროკომისიამ, 2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის მიზნით გააჟღერა. აღნიშნული პრიორიტეტის მხარდაჭერა ევროკავშირის ინიციატივის - EU4Digital მეშვეობით, ევროპის ციფრულ ათწლეულში ხორციელდება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11