მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, პროფესორ ოთარ ნახუცრიშვილის ხსოვნას

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, პროფესორ ოთარ ნახუცრიშვილის ხსოვნას

25-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ხვედელიანი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები მწუხარებით იუწყებიან, რომ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტურის რაინდის საპატიო ტიტულის მფლობელი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის საბჭოს წევრი, არქიტექტორთა მრავალი თაობის აღმზრდელი, შესანიშნავი ადამიანი, კოლეგა და მეგობარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ნახუცრიშვილი.

„ჭეშმარიტ არქიტექტურაში დაუშვებელია კომპრომისები“, - ეს სიტყვები ბატონ ოთარ ნახუცრიშვილს ეკუთვნის - ქართველ შემოქმედთა იმ თაობის წარმომადგენელს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არქიტექტურული სკოლის განვითარებაში.

მისი ღვაწლი არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი, საპატიო სიგელითა და პრესტიჟული პრემიით აღინიშნა. გამორჩეულია მისი შემოქმედება: ავტოსადგური იალტაში (არქიტექტორ გ. ჩახავასთან ერთად, 1966), ტურისტული სასტუმრო თბილისში (1976), აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი (1979), თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია (1980), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეკონსტრუქცია-გაფართოება (1989), რიყის უბნის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია (1998), ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (2001), სასტუმროები თბილისში, აბანოთუბანში (2002), საცხოვრებელი სახლები (თბილისში, ზუგდიდში, მანავსა და საგარეჯოში).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტკივილით თანაუგრძნობს ბატონი ოთარ ნახუცრიშვილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს.

მისი სახელი მუდამ ემახსოვრება მშობლიურ უნივერსიტეტსა და საქართველოს არქიტექტურულ საზოგადოებას!..

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11