მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ელექტრომაგნიტური პროცესების მოდელირებისა და სიმულაციის პროგრამა EMTP-ის დანერგვა დაიწყო

სტუ-ში ელექტრომაგნიტური პროცესების მოდელირებისა და სიმულაციის პროგრამა EMTP-ის დანერგვა დაიწყო

22-11-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესების მოდელირებისა და სიმულაციის პროგრამა EMTP-ის (Electromagnetic Transient Program) 50 ლიცენზია გადაეცა.

ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანიის, „პარვუს ქონსალთინგის“ ინიცირებითა და შუამდგომლობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია Powersys-ის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ვირტუალური ლაბორატორია მოეწყობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, EMTP არის ელექტროენერგეტიკული დარგის ერთ-ერთი ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოირჩევა მოდელირებისა და სიმულაციის ღრმა დეტალიზაციითა და მაღალი პრეციზიულობით.

„პროგრამა გამოიყენება ელექტრული, ელექტრომაგნიტური, ელექტრომექანიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციისთვის ენერგეტიკის დარგის პრაქტიკულად ყველა სეგმენტში, მათ შორის: მაღალი ძაბვის გადამცემ და სადისტრიბუციო სისტემებში, განახლებადი და ტრადიციული გენერაციის სისტემებში, რკინიგზაში, ელექტრომობილებსა  და სხვა ელექტრულ ტრანსპორტში.  ვულოცავ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს - ეს მათთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო კვლევებში“, - აცხადებს პროფესორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორის, კომპანია „პარვუს ქონსალთინგის“  დირექტორის გიორგი არზიანის განცხადებით, EMTP პროგრამა გამოირჩევა სპეციალურად  დამუშავებული სწრაფი ალგორითმებით, მოდულური სისტემითა და დახვეწილი გრაფიკით, როგორც ცალხაზოვანი დიაგრამების, ასევე, შედეგების ვიზუალიზაციის კუთხით, რაც მომავალი ენერგეტიკოსებისთვის საინტერესო კვლევების ჩატარების საფუძველს იძლევა.

„EMTP არის სრულად პროგრამირებადი, ავტომატიზირებადი და მარტივად ინტეგრირდება პროგრამა Matlab-თან. EMTP-ის პროგრამული კომპლექსი მთლიანად მოიცავს თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ანალიზისთვის საჭირო მოდელირების დომენებს, მათ შორის: სიმძლავრის ნაკადგანაწილებას, გარდამავალ პროცესებს, მყისიერი და ეფექტური მნიშვნელობების ანალიზს, ელექტრული ენერგიის ხარისხს, სარელეო დაცვასა და ავტომატიკას, მიკროქსელებს, HVDC და FACTS სისტემებს, ელექტრულ ტრანსპორტს, კომუტაციური და ატმოსფერული გადაძაბვების ფენომენს, კომპლექსურ ელექტრულ სისტემებს, ფართომასშტაბიან დინამიკურ პროცესებს, იზოლაციის კოორდინაციის საკითხებსა და სხვ. პროგრამა EMTP საშუალებას მისცემს ელექტროენერგეტიკული, ელექტრონული და ელექტრომექანიკური მიმართულებების აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ჩაატარონ, როგორც სტანდარტული ლაბორატორიული სამუშაოები და კერძო შემთხვევების ანალიზი, ასევე, ღრმა სამეცნიერო და საინჟინრო კვლევები“, - აცხადებს პროფესორი გიორგი არზიანი.

უახლესი ტიპის ელექტრული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორიაში ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალებში, რაც  მკვეთრად გაზრდის ქართველი მეცნიერების ჩართულობას საერთაშორისო კონფერენციებსა და მსოფლიო სამეცნიერო ასპარეზზე.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11