მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-სა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სტუ-სა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და „ჯორჯიან მანგანეზის“ (GM) სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ანზორ აბშილავა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მმაართვის დეპარტამენტის დირექტორი მარიამ ქუთათელაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომპანიის წარმომადგენლები და სტუდენტები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით,  ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და „ჯორჯიან მანგანეზთან“ პარტნიორობას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს, მათ შორის, მიზნად ისახავს: უნივერსიტეტში სასწავლო პროცესების განვითარების ხელშეწყობას, წარმატებულ სტუდენტთა სწავლის დაფინანსებას, კომპანიაში სტუდენტური ანაზღაურებადი სტაჟირებების პროგრამების ამოქმედებასა და GM-ში მათი დასაქმების შესაძლებლობას.  

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „ჯორჯიან მანგანეზთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. კომპანიაში მოღვაწეობდნენ ისეთი გამორჩეული მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: ივანე ხუხუნაიშვილი, ივანე რუხაძე, მერაბ მახარაძე, დემურ ტალახაძე და სხვები. კომპანიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დღესაც აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მეცნიერების ჩართულობით, მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიებში მაღალხარისხიანი პროექტები ხორციელდება. დოკუმენტის მომზადებაში ჩართული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ოთხი ფაკულტეტი, რომელთაც „ჯორჯიან მანგანეზთან“ აქტიური შემხებლობა აქვს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები GM-ის კუთვნილ ობიექტებზე ანაზღაურებად საწარმოო პრაქტიკებსა თუ სტაჟირებებს გაივლიან. შევთანხმდით, რომ კომპანია დააფინანსებს წარჩინებულ სტუდენტთა სწავლას და სამომავლოდ, აქტიურად დაასაქმებს მათ. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია თავის საწარმოო ობექტებზე კვლევითი სამუშაოების განხორციელებაში მხარდაჭერას აღმოუჩენს უნივერსიტეტის იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომელთა სამაგისტრო და სადოქტორო თემები შესაბამისობაშია GM-ის საქმიანობასთან. მემორანდუმით გათვალისწინებული მიმართულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარებისა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადების მხრივ“, - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები ახალგაზრდა თაობებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ჩართულნი იქნებიან ყველა იმ ღონისძიებაში, ტრენინგსა თუ ვორქშოფში, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.


„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალი წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე აიყვანოს.

„ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა უნივერსიტეტთან არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს წარმატებული პროექტები. კომპანიის სურვილია, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას შეუწყოს ხელი, სტუდენტებს კვალიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით გამოცდილება გაუზიაროს და ღირსეული ახალგაზრდები წარმატებით დაასაქმოს. ჩვენ უკვე ვხედავთ, სად გამოვადგებით ერთმანეთს - ეს იქნება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა თუ ახალი პროექტების შემუშავება. მთავარია, გვაქვს სურვილი, სტუდენტებს ვუჩვენოთ, რისი შეთავაზება შეგვიძლია მათთვის. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების მასშტაბური ფორუმი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მრავალმა სტუდენტმა გამოთქვა „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმების სურვილი, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვმატებს“, - განაცხადა GM-ის სპეციალურმა მმართველმა,  ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუ-ის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტთა დახელოვნებას, მათ პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებასა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების ხელშეწყობას მოემსახურება. 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11