მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, KEK-ის მენეჯმენტს შეხვდა

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, KEK-ის მენეჯმენტს შეხვდა

14-11-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK) ვიზიტის ფარგლებში, KEK-ის გენერალურ დირექტორს, პროფესორ მასანორი იამაუჩის და ვიცე-დირექტორს, პროფესორ იასუჰირო ოკადას შეხვდა და მათთან სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე იაპონიის ქალაქ ცუკუბაში მდებარე მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში KEK-ის გენერალური დირექტორის, პროფესორ მასანორი იამაუჩის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.

სტუ-ის რექტორთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაში, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციის მხრიდან, ასევე, მონაწილეობდნენ KEK-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების კვლევების ინსტიტუტის (IPNS) დირექტორი, პროფესორი ნაოჰიტო საიტო, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსის (J-PARC) დირექტორი, პროფესორი ტაკაში კობაიაში, KEK-ის COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს მრჩეველი, პროფესორი სატოში მიჰარა, აგრეთვე, ორგანიზაციის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის მომზადებაში იყვნენ ჩართული.

როგორც KEK-ის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა მასანორი იამაუჩიმ აღნიშნა, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციის მენეჯმენტი და მეცნიერები მოხარულნი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტით და მათი პირადად გაცნობით. პროფესორმა იამაუჩიმ ყურადღება გაამახვილა იმ ნაყოფიერ და წარმატებულ სამეცნიერო კოლაბორაციაზე, რაც KEK-ის მეცნიერებსა და სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფს შორის, COMET ექსპერიმენტის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, KEK-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების სურვილი და სრული მზაობა გამოთქვა.

სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ KEK-ის გენერალურ დირექტორს ოფიციალური მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, მადლიერება გამოხატა უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში KEK-ისა და J-PARC-ის მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით.

რექტორმა იაპონელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებო პროცესები და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები გააცნო, ვრცლად ისაუბრა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მონაწილეობისა და შესრულებული სამეცნიერო სამუშაოების შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს COMET ექსპერიმენტში, რომელიც J-PARC-ში ხორციელდება. როგორც პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, იაპონელ მეცნიერებთან წარმატებული კოლაბორაციის დიდი გამოცდილება არის წინაპირობა, რომ სამომავლოდ, იაპონელ და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობა გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდეს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები და მათ შორის ახალგაზრდა მკვლევრები - დავით ჩოხელი, ნიკა წვერავა, გიორგი ადამოვი, დავით ლომიძე, იური ბაღათურია და ირაკლი ლომიძე - აქტიურად არიან ჩართულნი მსოფლიოს ერთ-ერთ გლობალურ COMET-ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის სამეცნიერო სამუშაოს ასრულებენ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ფაქტი, რომ სტუ-ის მეცნიერები მონაწილეობენ ყველა უახლესი ტიპის სუბდეტექტორის შექმნაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეცნიერთა ჯგუფმა, JINR-თან (Joint Institute for Nuclear Research) და KEK-თან კოლაბორაციით, წარმატებით განახორციელა ახალი ტექნოლოგიების ათვისება-დანერგვა სტროუ ტრეკული დეტექტორების სისტემის, კოსმოსურ სხივების ვეტო (CRV) სისტემისა და ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის შესაქმნელად. COMET-კოლაბორაციამ მოიწონა CRV სისტემის დიზაინი და CRV მოდულის განახლებული დიზაინი, რომლებიც მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შესთავაზეს. დიდად მოხარული ვართ, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები ინტენსიურ ფაზაშია და ჩვენი მეცნიერები მუშაობენ, როგორც KEK-ის ცუკუბა კამპუსში, ასევე J-PARC-ში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება KEK-სა და J-PARC-თან კოლაბორაციის პროცესი მომავალში, რაშიც მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მხრიდან ქმედით საორგანიზაციო მხარდაჭერას“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

შეხვედრაზე IPNS-ის დირექტორმა, პროფესორმა ნაოჰიტო საიტომ KEK-ის საერთაშორისო კოლაბორაციებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერების აქტივობას COMET ექსპერიმენტში, ასევე გულთბილად მოიხსენია ქართველ და იაპონელ მეცნიერებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული კავშირები.

KEK-ის სოკენდაის უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების მეცნიერების დეკანი, პროფესორი ტორუ ჰონდა კი შეეხო სოკენდაის ფართო აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. როგორც პროფესორმა ჰონდამ აღნიშნა, უახლოეს მომავალში, სოკენდაისა და სტუ-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სოკენდაის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული დოქტორანტები, რომლებიც ერთდროულად ორ, სოკენდაის და სტუ-ის დიპლომებს მოიპოვებენ.

KEK-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და სტუ-ის წარმომადგენლებმა დაათვალერეს KEK-ის ცუკუბა კამპუსი, რომელშიც განთავსებულია ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების კვლევების ინსტიტუტი (IPNS), მატერიალების სტრუქტურის კვლევების ინსტიტუტი (IMSS), მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ამაჩქარებლების ლაბორატორია (ACC) და გამოყენებითი კვლევების ლაბორატორია (ARL); ეწვივნენ KEK-ის ფოტონურ ფაბრიკას და გაეცნენ იქ მიმდინარე უნიკალურ ექსპერიმენტებს ფოტონების გამოყენებით;  მოინახულეს KEK-ში მიმდინარე უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტები - BELLE II და SuperKEKB-ი, ასევე, ზეგამტარი დანადგარების კვლევებისა და ტესტების განყოფილება (STF).

KEK-ის ცუკუბა კამპუსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას შესაძლებლობა მიეცა, დაკვირვებოდა იმ მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოებს, კერძოდ კი დეტექტორების ელემენტების აწყობისა და ტესტირების პროცესს, რომლებშიც უშუალოდ სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობს. საგულისხმოა, რომ სტუ-ის მეცნიერთა მიერ დამზადებული დეტექტორების ელემენტები J-PARC-ში, COMET ექსპერიმენტისთვის იგზავნება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11