მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში, 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სტუ-ში, 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

05-10-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კვირეული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცით - „ლიტუანისტიკა საქართველოში“ გაიხსნა.

სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღსა და სტუ-ის „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის“ დაარსებიდან 10 წლისთავს მიეძღვნა, ერთობლივი, ქართულ-ლიეტუვური კულტურული პროგრამით დაიწყო, შემდეგ კი  ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედის, დიანა ნაუსედიენეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის თანათავმჯდომარეობით წარიმართა.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნიევრსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა ლიეტუვის პირველ ლედის სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო კონფერენციის თემატიკაზე.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნივერსიტეტს ეწვია ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენე და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს ფორუმი მისი უშუალო მონაწილეობითა და თანათავმჯდომარეობით იმართება. აღსანიშნავია, რომ პირველი ლედის პატრონაჟით, ლიეტუვუტი ენისა და კულტურის ცენტრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს. მათ შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ლიეტუვური ენის, კულტურისა და  განათლების ცენტრი“, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ლიეტუვას განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირადად ბატონი მიხეილ ჩხენკელისა და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრას მხარდაჭერითა და ლიეტუვის პირველი ლედის განსაკუთრებული ხელშეწყობით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ჩვენს უნივერსიტეტში მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. საუნივერსიტეტო ცენტრში არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და ჩენი მეგობარი ქვეყნის ისტორია. ქალბატონი დიანა უკვე მეორედ სტუმრობს ჩვენს უნივერსიტეტს, წარმატებებს ვუსურვებთ მას და ცენტრს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.


კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, ლიეტუვის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, დიანა ნაუსედიენემ, ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის ვიცე-მინისტრმა, გინტაუტას იაკშტასმა, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, ლიეტუვისა და სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების მეცნიერებმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა იმ წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკების საგანმანათლებლო სივრცეებს აკავშირებს.

„ვულოცავ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს და მადლობას ვუხდი ლიეტუვის რესპუბლიკის პირველ ლედის ლიტუანისტიკის განათლების მხარდაჭერისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეს, გლობალური გამოწვევების ფონზე, ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ჩვენი კულტურის, ენისა და განათლების მხარდაჭერა. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ინტერნაციონალიზმის მიმართულებით სამინისტროს ხედვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობასთან სრულ თანხვედრაშია. ამასთან, აღსანიშნავია ინტეგრირების ის ფორმა, რომლის მხარდაჭერაც ლიეტუვის მხრიდან გვაქვს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. იმედი გვაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობა უფრო მეტად გაძლიერდება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ლიეტუვის რესპუბლიკის პირველ ლედის და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“ - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენე იმ ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას შეეხო, რაც სქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიეტუვას წამყვან უნივერსიტეტებს აკავშირებთ. მისი განცხადებით, სტუ-ის „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი“ წარმოადგენს სივრცეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირს განუხრელად ამყარებს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საშუალება მომეცა მივმართო დამსწრე საზოგადოებას - საქართველოს, ლიეტუვისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს აკადემიური და სამეცნიერო წრეებიდან. ინსტიტუციათა ურთიერთშორისი პარტნიორობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ლიეტუვასა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, დღევანდელი სამეცნიერო ფორუმი კი ამ პარტნიორობას მეტ შინაარსს სძენს და აძლიერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც 100 წლისთავს ზეიმობს, წარმატებით ფუნქციონირებს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომლის არსებობის 10 წლისთავსაც დღეს აღვნიშნავთ. უნივერსიტეტისთვის ამ ღირსშესანიშნავ, საიუბილეო თარიღს  ვულოცავ რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, ვულოცავ პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღს და მადლობას მოვახსენებ ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი იჩენენ ლიეტუვური ენის, კულტურისა და  განათლების ცენტრის მიმართ. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ თქვენი ალმა-მატერი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის კულტურული ერთობის ცოცხალ კერად აღიქმება“, - განაცხადა ლიეტუვის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, დიანა ნაუსედიენემ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „ლიტუანისტიკა საქართველოში“ - ქართველ მკვლევრებთან ერთად, სამეცნიერო მოხსენებებით ლიეტუვის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები წარსდგნენ. კონფერენცია ორგანიზებულია ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ბალტისტიკის პროექტის - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები 2022 წელს“, რომელსაც ახორციელებს ვილნიუსის კოლეგია და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11