მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა ტრაგიკულად დაღუპული მირიან კუკავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოაწყვეს

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა ტრაგიკულად დაღუპული მირიან კუკავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოაწყვეს

03-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მესამეკურსელებმა ახალი სასწავლო წელი ტრაგიკულად დაღუპული თანაკურსელის, მირიან კუკავას პერსონალური გამოფენით გახსნეს.

გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მირიან კუკავას ოჯახის წევრები.

ექსპოზიციაზე სტუდენტებმა დაღუპული მეგობრის მიერ სტუდენტობისას შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს.

„მირიანის დიდი სურვილი იყო, თანაკურსელებს ჩვენი ნამუშევრების გამოფენა მოგვეწყო ფაკულტეტზე. სამწუხაროდ, მის ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. ჯერ იყო კოვიდპანდემია, შემდეგ კი მირიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ახალ სასწავლო წელს ახალ გარემოში ვიწყებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველი დღე მირიანის ხსოვნისადმი მიგვეძღვნა და ჩვენი სასწავლო წელი მირიანთან ერთად დაგვეწყო. ის ძალიან ბედნიერი, ერთგული, შრომისმოყვარე და ლაღი ადამიანი იყო, რაც მის ნამუშევრებში კარგადაა ასახული. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილ თითოეულ ნახატში ზუსტადაა გადმოცემული მირიანის ხასიათი“, - განაცხადა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა მარიამ ქირიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მირიან კუკავას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს  მადლობა გადაუხადა იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც ახალგაზრდებმა ტრაგიკულად დაღუპული თანატოლის მიმართ გამოიჩინეს.

„დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო. მინდა ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო. დასანანია, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლის მესამეკურსელებს ასე სევდიანად მოუწიათ სასწავლო წლის დაწყება. დარწმუნებული ვარ, მირიან კუკავას სახელს მისი თანაკურსელები არასოდეს დაივიწყებენ. არც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაივიწყებს ნიჭიერ ახალგაზრდას, რომლის მომავალიც ასე სასტიკად შეწყდა. კიდევ ერთხელ ჩვენი დაღუპული სტუდენტის ოჯახს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას მირიან კუკავას საყვარელი მუსიკალური კომპოზიციებიც მოასმენინეს. მირიან კუკავას თანაკურსელის, სალომე აბაშიძის განცხადებით, მეგობრის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სტუდენტები, ბაკალავრიატის სასწავლო კურსის დასრულებამდე, რეგულარულად მოაწყობენ.

„მირიანი გამორჩეული ადამიანი იყო, საოცრად თბილი, საოცრად კეთილი. როცა ტრაგედია დატრიალდა და მირიანის გარდაცვალების შესახებ გავიგეთ, დრო გაჩერდა. ვერ აღვწერ, სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე, თითოეულმა ჩვენგანმა რამდენად დიდი ტკივილი განვიცადეთ. ჩვენი დიზაინის საერთაშორისო სკოლის კედელზე სამუდამოდ დარჩება ბანერი მირიან კუკავას კედლის მხატვრობით“, - განაცხადა სტუ-ის სტუდენტმა, სალომე აბაშიძემ.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ნიჭიერი სტუდენტის, სიკეთითა და სიყვარულით სავსე მირიან კუკავას ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი საზოგადოებამ 28 ივლისს შეიტყო. მისი სიცოცხლე გაუმართლებელ სისასტიკეს, ადამიანურობის დეფიციტს და სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ემსხვერპლა.

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11