მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური კონცერტით აღნიშნავს

სტუ, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური კონცერტით აღნიშნავს

03-10-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, 2022-2023 აკადემიური წლის 3 ოქტომბრიდან დაწყებას მასშტაბური კონცერტით აღნიშნავს. ღონისძიებას უნივერსიტეტი   პირველკურსელთა საიუბილეო, მე-100 ნაკადსა და იმ კურსდამთავრებულებს უძღვნის, რომელთაც პანდემიური ვითარების გამო, გაცილება ვერ მოუწყო.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის განსაკუთრებულად სასიხარულო სიახლით იწყება. სასწავლო პროცესი და სტუდენტური ცხოვრება, ქვეყანაში რთული პანდემიური ვითარების დაძლევის შემდეგ, მთლიანად საუნივერსიტეტო სივრცეში ბრუნდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, ახალი სასწავლო წლის დაწყება და სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვნად დაბრუნება მიულოცა პირველკურსელებს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო, რიგით მე-100 ნაკადს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ყველა სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს. რექტორმა, ასევე, მიმართა ყველა კურსდამთავრებულს და მათ ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებები უსურვა.  

„წლევანდელი სასწავლო წელი მართლაც რომ განსაკუთრებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი ყველა სტუდენტისა და საიუბილეო, მეასე ნაკადის პირველკურსელებისთვის, რომლებიც დღეიდან ცხოვრების სრულიად ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადიან. თქვენ დიდი, ისტორიული საუნივერსიტეტო მოვლენის მომსწრენი და უშუალო მონაწილენი ხდებით - საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, წელს, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. დარწმუნებული ვართ, დიდი ტრადიციების მქონე ჩვენს უნივერსიტეტში გატარებული წლები თითოეული ახალგაზრდისთვის, შემდგომში კურსდამთავრებულისთვის პროფესიონალიზმის, კარიერული წინსვლის და სამეცნიერო პოტენციალის განვითარების წინაპირობა იქნება.

დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი თითოეული თქვენგანის  წარმატების საწინდარი გახდება და თქვენ, ჩვენი ამჟამინდელი სტუდენტები, მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელჩებად ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ! თქვენში ვხედავთ არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ინჟინრებს, ტექნოლოგებსა თუ ჰუმანიტარებს,  არამედ  - ღირსეულ, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც თავიანთ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარენ - ეს დიდი სამომავლო პერსპექტივაა.

დღეს კი, სასწავლო პროცესის დაწყებასა და სტუდენტური ცხოვრების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებას ყველანი ერთად, მასშტაბური კონცერტით აღვნიშნავთ. ამ ღონისძიებით გვინდა, ასევე, გზა დავულოცოთ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებსაც პანდემიის გამო, სათანადო გაცილება ვერ მოვუწყვეთ. დღევანდელი სარამო ეძღვნება ყველას, ვინც ტექნიკურიუნივერსიტეტელის სახელს ატარებს!“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სივრცეში მიმდინარეობს. კონცერტზე ცოცხალი შესრულებით წარსდგა „გიორგი გაბუნიას ღამის შოუ“ სრული შემადგენლობით; სტუდენტებს საუკეთესო კომპოზიციებს DJ გიორგი თოდაძე შესთავაზებს, საღამოს კი საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს. 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11