მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

სტუ-ში მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

29-09-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროგრამების მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი პრიორიტეტებით“ გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ის დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისათვის. მინისტრის მოადგილემ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების საქმეში სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის პარტნიორობის გაღრმავების, ახალი ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო მიღწევების დასანერგად ერთობლივი მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების აუცილებლობას შეეხნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის ლიდერი, კოლომბ დემერსი; ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება თომას მიულმანი;  ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ედიტე მედნე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია; გერმანიის ფედერაციის საელჩოს ეკონომიკური და პრესის საქმეთა პირველი მდივანი სარა ზიელონკა; ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ხელმძღვანელი, ვოლფგან პოლტი („იონეუმ კვლევა“, ავსტრია), DAAD-ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი თბილისში, გებჰარდ რეული; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის ადმინისტრაციული ოფისის ხელმძღვანელი დავით ბაზარაშვილი და სხვები.


ღონისძიების ფარგლებში, რომელიც სამეცნიერო პრიორიტეტების იდენტიფიცირების კუთხით დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სამეცნიერო პრიორიტეტების საუკეთესოდ განხორციელების გზების შესახებ ერთმანეთისთვის მოსაზრებები გაეზიარებინათ.

კონფერენციაზე სამეცნიერო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, წარმოდგენილი იყო როგორც ფუნქციური, ისე თემატური პრიორიტეტები. კომუნიკაციის გაღრმავების მიმართულებით, კი ღონისძიების მონაწილეებმა ონლაინ პლატფორმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების – „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ (TWINNING)  და „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა“ ხელშეწყობით გაიმართა.

TWINNING-ის პროგრამა, რომელიც წარმოადგენს ხიდს კვლევასა და ინდუსტრიას შორის, ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს საერთაშორისო კონსორციუმი (Joanneum) კვლევით ცენტრთან (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდთან, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოსთან, DLR პროექტის მართვის სააგენტოსთან (გერმანია) და დაუგავპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია) პარტნიორობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს, საგრანტო პროგრამების განხილვითა და გაუმჯობესებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობების გაძლიერებას.


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს სხვადასხვა საელჩოების, ევროკავშირის, სამინისტროების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, ასოციაციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სხვადასხვა დარგში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებმა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11