მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სტუ-ის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

27-09-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა, 1993 წლის 27 სექტემბერს,აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წლისთავის აღსანიშნად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ამ ტრაგიკულ დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოლეს და სიცოცხლე გაწირეს. მათი ხსოვნა ისტორიამ უკვდავყო -დიდება გმირებს! 

29 წელი გავიდა იმ ავადსახსენებელი მოვლენებიდან. მას შემდეგ ეს დღე მძაფრიტკივილით და უზომო სევდით გვავსებს და შეგვახსენებს სოხუმის დაცემას, დაკარგულ ტერიტორიებს, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებსა და გულანთებულ მებძოლებს. მათ შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები. არასოდეს დავივიწყებთ ქვეყნის ერთიანობისთვის გაღებულ მსხვერპლს, საკუთარ ქვეყანაში განსაცდელის პირისპირ დარჩენილ ასიათასობით დევნილთა ადამიანურ ტრაგედიებს. ეს დღე არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. მიუხედავად ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგების, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს გაერთიანებისკენ, უნდა განვვითარდეთ, ბევრი ვიშრომოთ, ვისწავლოთ, აღვზარდოთ ღირსეული ახალი თაობები, რომ შევდგეთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოდ“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11