მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

სტუ-ში, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

26-09-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ინიციატივით და ორგანიზებით, რიგით მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სატრანსპორტო ხიდი ევროპა - აზია“ გაიხსნა.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების პარტნიორები არიან სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (გლივიცე, პოლონეთი) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი, საქართველო). საერთაშორისო სატრანპორტო პრობლემატიკისადმი მიძღვნილ  სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობს 5 ქვეყნის 9 დელეგაცია - როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები უნივერსიტეტებიდან და ბიზნესორგანიზაციებიდან.

ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში გახსნა. სტუ-ის რექტორმა მიწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის 100-წლოვანი ისტორია, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ-კულტურული ტრადიციები გააცნო, ასევე, საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას -  „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“. ეს ტრადიციული სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პოლონეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობით წელს უკვე მეექვსედ იმართება. კონფერენციაში ოცზე მეტი მაღალი რანგის მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს, განიხილავენ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო თემებსა და ტრანსპორტის დარგში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებს, განვითარების უახლეს ტენდენციებს, ლოგისტიკის ინტელექტუალურ საინფორმაციო სისტემებს, ტექნოლოგიებსა და ეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ერთობლივი ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი ერთ-ერთი საუკეთესო და ქმედითი ინსტრუმენტია იმ გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის სახით მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მკვლევრებმა განსაკუთრებული როლი იტვირთეს. მოხარული ვართ, რომ კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო ფორმატში გაიხსნა და ჩვენი უცხოელი კოლეგები სტუ-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სხვადასხვა აკადემიურ, სამეცნიერო თუ კულტურულ აქტივობებში ჩაერთვებიან, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ალმა-მატერის საერთაშორისო კავშირებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

 

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ბოგუსლავ ლაზარზი და სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და მკვლევრები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგიური და  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტების მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, გარდა იმისა, რომ თემატურადაა დატვირთული, ხაზს უსვამს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის პრიორიტეტებს. ჩვენი ქვეყანა არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საქართველოზე გადის სატრანსპოტრო კორიდორი ტრასეკა, ამდენად, სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა, განსახილველად გამოტანილი პრობლემატიკითა და უახლესი ტენდენციებით ძალზე მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიების ფორმატში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მონაწილე  უნივერსიტეტებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება და გარდა ამისა, ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ის ფარგლებში ერთობლივი საგრანტო წინადადებები მომზადდება“, - აღნიშნა სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ოთარ გელაშვილმა.

როგორც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა განაცხადა, სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში იმუშავებს, განსაკუთრებულია იმითაც, რომ მოიცავს ისეთ საჭირბოროტო და მეტად აქტუალურ საკითხებს, რაც ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო გზების დივერსიფიცირებისა და განვითარების ტენდენციებს ეხება.

კონფერენციის საპატიო სტუმრის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერისტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ  ბოგუსლავ ლაზარზის განცხადებით, მათ უმაღლეს სასწავლებელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

„განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ 100 წლისთავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამხრეთ კავკასიაში ამ ერთ-ერთ უდიდეს საინჟინრო უმაღლეს სკოლას და მის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს. ჩვენთვის დიდი პატივია, ამ უძველესი უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობა. მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს იმ ნაყოფიერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაციისთვის, რაც სილეზიის უნივერსიტეტთან აკავშირებს. საკითხები, რომელიც ჩვენს ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპისა ან აზიისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ბოგუსლავ ლაზარზმა.


ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ქართულ-პოლონურმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა ქართულ და საერთაშორისო სასესიო პანელების ფორმატში განაგრძო. კონფერენციაზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენება და კვლევის შედეგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სექტორებში არსებული მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები; მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა; სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკის, მონიტორინგის, ტექნიკური მდგომარეობის, მომსახურებისა გარემოსდაცვითი საკითხები; ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები; ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები და სხვა აქტუალური საკითხები. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალურ-კულტურული, აკადემიური და სამეცნიერო აქტივობები ქართველი და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -  „სატრანსპორტო ხიდი ევროპა - აზია“ მუშაობას 28 სექტემბერს დაასრულებს.  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

26.09.2022


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11