მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“ ფორუმი - „ქალი და მშვიდობა“ გამართეს

სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“ ფორუმი - „ქალი და მშვიდობა“ გამართეს

23-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ჩართულობით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა  და „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ორგანიზებით ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ფორუმი - „ქალი და მშვიდობა“, გაიმართა.

ფორუმი ორ სექტორად ჩატარდა. პირველ ნაწილში მომხსენებლები შეეხნენ ისეთ მძიმე და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: სოხუმის დაცემის დღე, უკრაინაში მიმდინარე პროცესები, წმიდა ქეთევენის წამების დღე და მშვიდობის საერთაშორისო დღე. მეორე ნაწილი კი მთლიანად დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს, „ქალთა საბჭოს“ ყოფილი თავმჯდომარის ზინაიდა კვაჭაძისა და ცნობილი მეცნიერის, ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ნანა ხაზარაძის ხსოვნას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაცა“ და „საქართველოს ქალთა საბჭო“ ფორუმით „ქალი და მშვიდობა“ შეუერთდა მუზეუმების გაერთიანების მიერ აღდგენილ ილია ჭავჭავაძისეულ „ხუთშაბათობებს“, სადაც ჩვენი დიდი წინაპრები განიხილავდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

სტუ-ის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნაზი კუციავას განცხადებით, ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„ფორუმი ტარდება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე „საქართველოს ქალთა საბჭოს“ და სტუ-ის „ქალთა ასოციაციის“ ძალისხმევით. ჩვენ ქალთა საბჭოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, რომლის ერთ-ერთი შედეგი დღევანდელი ღონისძიებაცაა. „ქალთა ასოციაციაში“, ნახევარსაუკუნოვანი არსებობის პერიოდში, არაერთი გამოჩენილი მეცნიერი ქალი მოღვაწეობდა. ჩვენ ყოველთვის ვიდექით იქ „სადაც ქარიშხალია“ და სადაც საქართველოს უკეთესი მომავალი იჭედება, ყოველთვის ვიდექით იმ ადამიანების გვერდით, ვინც თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. დღეს, როცა ასე უჭირს ჩვენს მოძმე ხალხს, უკრაინელებს, „ქალთა ასოციაცია“ „ქალთა საბჭოსთან“ ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროპფესორ დავით გურგენიძის დიდი მხარდაჭერით გვერდით უდგას უკრაინიდან ლტოლვილებს. ამ მიმართულებით არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩავატარეთ“, - განაცხადა „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნაზი კუციავამ.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე, აფხაზეთის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე როზა კუხალაშვილი. აფხაზეთის საკითხებს ირმა ჯაჭვლიანმა მიუძღვნა „დედის დღიურები“, ხოლო სამაჩაბლოს ომის შესახებ შიდა ქართლის, ცხინვალის რეგიონის ქალთა საბჭოს წარმომადგენელმა თამარ ხიზანიშვილმა ისაუბრა. ქართულ-უკრაინული პრესისა და წიგნის სახლის ხელმძღვანელმა ვალენტინა მარჯანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას იმ ღონისძიებების შესახებ ესაუბრა, რომელიც ორგანიზაციას უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად აქვს დაგეგმილი. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს ნანახსა და განცდილზე კი უკრაინიდან ლტოლვილმა ვიქტორია ჩერნიშმა ისაუბრა.

„საქართველოს ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ქეთევან გაბრუაშვილის განცხადებით, ფორუმი ილიასეული „ხუთშაბათობების“ ფარგლებში, პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.

„ფორუმზე, მშვიდობის საერთაშორისო დღის ფორმატში, რამდენიმე, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. დღეს მსოფლიოსთვის  განსაკუთრებით მტკივნეულია უკრაინაში მიმდინარე ომი, თუმცა „ქალთა საბჭო“ და „ქალთა ასოციაცია“ გვერდს ვერანაირად ვერ აუვლიდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს, რომელიც რუსულმა აგრესიამ საკუთარ ქვეყანაში დევნილებად გადააქცია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენ, „ქალთა საბჭო“ და „ქალთა ასოციაცია“ შეუერთდა ილიასეულ „ხუთშაბათობებს“ და ნიშანდობლივის ისიც, რომ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ფორმუმმა იმ წარმატებულ ქალებზე გააკეთა აქცენტი, ვინც საქართველოს ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს. ზინაიდა კვაჭაძე და ნანა ხაზარაძე კი მართლაც რომ გამორჩეული პიროვნებები იყვნენ“, - განაცხადა ქეთევან გაბრუაშვილმა.

„საქართველოს ქალთა საბჭო“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაცია“ კიდევ არაერთ ერთობლივ ღონისძიებას გამართავს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11