მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

20-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის -  „ლიტუანისტიკა საქართველოში“ - საორგანიზაციო საკითხების ერთობლივად შეჯერებასა და სამომავლოდ, ლიეტუვას რესპუბლიკასთან საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შეეხო.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესა და სტუ-ის „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის“ დაარსებიდან 10 წლისთავს ეძღვნება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თავმჯდომარეები არიან ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას მეუღლე დიანა ნაუსედიენე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან შეხვედრაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საორგანიზაციო საკითხი შეჯერდა.

„კონფერენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ლიტუანისტიკის განვითარების ეტაპების სამეცნიერო მიმოხილვაზეა ორიენტირებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიება, ასევე, ეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის“ დაარსებიდან 10 წლისთავს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს ფორუმი ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლის, ქალბატონი დიანა ნაუსედიენეს უშუალო მონაწილეობითა და თანათავმჯდომარეობით იმართება. ლიეტუვას რესპუბლიკის პირველი ლედი მსოფლიოში ლიტუანისტიკური განათლებისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციის აქტიური მხარდამჭერია. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ ლიეტუვას განათლების, მეცნიერებისა და სპორტის ვიცე-მინისტრი გინტაუტას იაკშტასი, საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა და სხვა ოფიციალური პირები; ქართველ მკვლევრებთან ერთად, სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგებიან ლიეტუვას წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები. სამეცნიერო კონფერენციის დასასრულს, შემუშავებულია ერთობლივი საიუბილეო კულტურული პროგრამა. ბატონ ელჩთან შეხვედრისას სწორედ ამ ძირითადი საორგანიზაციო საკითხების შესახებ ვიმსჯელეთ. გარდა ამისა, განვიხილეთ ლიეტუვას უნივერსიტეტებთან საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.

რაც შეეხება ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს, ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 10 წლის წინ შეიქმნა, ჩვენი უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ლიეტუვას განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირადად ბატონი მიხეილ ჩხენკელისა და საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოს, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრას მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ცენტრის მხარდაჭერით, სტუ-ის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებსა და პროფესორებს აქვთ შესძლებლობა შეისწავლონ ლიეტუვური ენა, ისარგებლონ მობილობის პროგრამებით, გაემგზავრონ ლიეტუვას წამყვან უნივერსიტეტებში და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ პროგრამებსა თუ ღონისძიებებში. მიმდინარე აკადემიურ წელს, სტუ-ის სასწავლო პროგრამაში ლიეტუვური ენა დაემატება, როგორც ერთ-ერთი არჩევითი უცხოური ენა. ვამაყობთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაში“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11