მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გარდაიცვალა პროფესორი გივი ინანიშვილი

გარდაიცვალა პროფესორი გივი ინანიშვილი

16-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გივი ინანიშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი გივი ინანიშვილი იყო მაღალი რანგის მეცნიერი და შესანიშნავი პედაგოგი,  ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტისადმი გამორჩეული სიყვარულით, თავდადებითა და თავდაუზოგავი შრომით.

გივი ინანიშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1937 წ. 7 ივნისს. 1955 წ. წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-19 საშუალო სკოლა და 1960 წ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით.

1970 წლიდან გ.ინანიშვილის შრომითი ინტერესები გამორჩეულად დაუკავშირდა ქართული მეტალურგიის ისტორიის პრობლემატიკას, რომელიც დაიწყო ერთდროულად ივ. ჯავახიშვილის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ასპირანტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

1977-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის და განყოფილების გამგე,  სათავეში ჩაუდგა ახლადშექმნილ ინტერდისციპლინარული კვლევის განყოფილებას, რომელიც აერთიანებდა არქეოლოგიური მასალის რესტავრაცია-კონსერვაციის, სპექტრული ანალიზის, ძეგლთა არქეო-მაგნიტური მეთოდით დათარიღების, პალეობოტანიკისა და პალეოზოოლოგიის, ტრასოლოგიური და მეტალოგრაფიული კვლევის მიმართულების ლაბორატორიებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ტერიტორიაზე მეტალურგია ლითონდამუშავების ისტორიული განვითარების შესაბამის ბრინჯაო-რკინის და ანტიკური ხანის კომპლექსებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ლითონის ქიმიურ ტექნოლოგიური კვლევის შედეგები. პრიორიტეტული მიმართულების, არქეოლოგიური ლითონის კვლევასთან ერთდროულად, მონაწილეობდა არქეომეტალურგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პერიოდის ძეგლების საველე-გათხრით კომპლექსურ ექსპედიციათა სამუშაოებში, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავდა „კვერით ხურო, რკინისა და რვალის“ შემქმნელი ქართველი მეტალურგების ცხოვრება-მოღვაწეობას.

გ.ინანიშვილი 1992 წლიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მონაწილეობდა სიძველეთა ტექნიკური ექსპერტიზის და შემდგომ არქეოლოგიის სპეციალობათა პრესტიჟული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების და არქეოლოგიური კადრების მომზადების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულია რამდენიმე ათეული სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაცია, მოპოვებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები.

ბატონ გივი ინანიშვილს დიდხანს და სინანულით გაიხსენებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მისი კოლეგები და კურსდამთავრებულები.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11