მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერები KIU-ში მიმდინარე „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ

სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერები KIU-ში მიმდინარე „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ

13-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუდენტები: მარიამ გულაშვილი, მარიამ ღვალაძე, ნინო კვინტრაძე, ანა ფალავანდიშვილი, ნათია ბერიაშვილი, დაჩი ოქროპირიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტიური პარტნიორია. კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სტუ-ისა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ქართულ-გერმანული ხიდის ერთ-ერთი აქტიური პარტნიორი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა გვაკავშირებს იულიხის კვლევით ცენტრთან. სტუ-ისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცოდნის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, სტუ-ში რეგულარულად იმართება ლექციების ციკლი "შემოდგომის ლექციები თბილისში", რომელშიც მონაწილეობენ როგორც წამყვანი ქართველი, ასე უცხოელი ექსპერტები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექვსმა მაგისტრანტმა და შვიდმა დოქტორანტმა უკვე ისარგებლა იმ გრანტით,  რუსთაველის ფონდსა და იულიხის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტებს საშუალებას აძლევს იულიხის კვლევით ცენტრში გაიარონ სტაჟირება.

ქართულ-გერმანული ხიდის ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებაზე. პროექტმა მათ ახალი შესაძლებლობა მისცა ესწავლათ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისა და მკვლევრებისგან, მათთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ უახლეს კვლევებსა და კვლევით პროექტებში, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ ტენდენციებსა და მიმართულებებს მსოფლიო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ გვჯერა რომ მომავალში ეს თანამშრიომლობა კიდევ გაღრმავდება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიაა თანამშრომლობის ახალი განზომილებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ გზით ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალი თაობის ახალ აღმოჩენებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ჩვენ ამისთვის მყარი საფუძველი გვაქვს“, - აცხადებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეკანი.

კონფერენციაზე სტუ-ის სტუდენტებიც არიან მომხსენებლები: მარიამ გულაშვილი წაიკითხავს თემას - „Innovative Methods of Monitoring And Treatment Of Parkinson's Disease“; მარიამ ღვალაძე - „Accelerator research and applications in medicine“; ნინი კვინტრიძე - “problems of methane exsplosion and blast energy suppression in coal mines”; ანა ფალავანდიშვილი კი - „environment hazard studies using machine learning approach”; დაჩი ოქროპირიძე - „Silicon Tracking System (STS) modules characterization for Compressed Baryonic Matter (CBM) experiment at GSI Fair“.


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის ფონდსა და იულიხის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, იგეგმება SMART/MRI ლაბორატორიის გახსნა. იულიხის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის მხარდაჭერით სტუ-ში შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა „სამედიცინო ფიზიკა“.  იულიხის კვლევით ცენტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცა მინი ლაბორატორია და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის სასწავლო აპარატურა. სტუ-ის სტუდენტებს მემორანდუმის ფარგლებში, ორმაგი სადოქტორო დიპლომის აღების საშუალება აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, თბილისში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუ-ის საპატიო დოქტორები გახდნენ: იულიხის სამეცნიერო დირექტორი, ბირთვული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ ფარგლებში რიგით მეცხრე კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. კონფერენცია, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11