მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ჰეგელის მორიგი საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობა ჰეგელის საზოგადოებამ ოფიციალურად მიულოცა

სტუ-ის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ჰეგელის მორიგი საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობა ჰეგელის საზოგადოებამ ოფიციალურად მიულოცა

09-09-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში პირველად, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს 2024 წელს უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებამ ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში, ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესის დახურვის ცერემონიაზე გაასაჯაროვა.

კონგრესის დახურვის ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ჰეგელის მორიგი კონგრესის მასპინძლობა ოფიციალურად მიულოცეს ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, მირიამ გერჰარდმა, საპატიო პრეზიდენტმა, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანდრეას არნდტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ზადარის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იურე ზოვკომ და კონგრესის მონაწილე მეცნიერებმა და მკვლევრებმა.  

სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილება უპრეცედენტო და რეზონანსულია, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც დავით გურგენიძე აღნიშნავს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მსგავსად მაღალი რანგის სამეცნიერო ფორუმის საქართველოში ჩატარება განუხრელად ზრდის არა მხოლოდ კვლევების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებს, არამედ მასპინძელი ქვეყნისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში ცნობადობასა და ხილვადობას.

„ამ უპრეცედენტო, რეზონანსული და ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილების შესახებ ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებამ 34-ე კონგრესის დახურვის ცერემონიაზე ოფიციალურად განაცხადა და მორიგი, 35-ე კონგრესის მასპინძელ ქვეყნად საქართველო, ქალაქად - თბილისი, ხოლო უმაღლეს სასწავლებლად - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაასახელა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰეგელის 35-ე კონგრესი, რომელიც 2024 წლის 20-25 სექტემბერს ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდება, საიუბილეო იქნება და ამ პრესტიჟული სამეცნიერო ღონისძიების დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნება.

34-ე კონგრესი, რომელიც წელს ხორვატიაში, ევროპის ერთ-ერთ უძველეს, ზადარის უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მეცნიერებმა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა და სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრებმა მონაწილეობა მიიღეს ამ პრესტჟულ მსოფლიო ფორუმში.

ჰეგელის საერთაშორისო კონგრესის დღეები მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. ოთხი დღის განმავლობაში უამრავი საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, დავამყარეთ ახალი კონტაქტები მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან, წამყვან უნივერსიტეტებთან; დავსახეთ ახალი გეგმები და საფუძველი ჩავუყარეთ არაერთ ახალ წამოწყებას, რომლებიც სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება. პროექტებში ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. ეს კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიაა ინტერნაციონალური კოლაბორაციისთვის, რაც თანამედროვე სამეცნიერო და აკადემიური სივრცის განვითარების საფუძველია. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს სრული მზაობა, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ანგარიშგასაწევ აქტორად ჩამოყალიბდეს და ჰეგელის მორიგი, 35-ე საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობა ამ პერსპექტივას კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანია ის ქმედითი ნაბიჯები, რომელსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მუდმივად გვაქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის აქტიური მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს კვლევითი იდეების გენერირებას, თავისუფალი სამეცნიერო საზოგადოების ფორმირებას და პარალელურად, ზრდის უნივერსიტეტის, ჩვენი ახალგაზრდა მკვლევრების ხილვადობასა და ცნობადობას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, უქმნის მათ ძლიერ მოტივაციას და შესაძლებლობას, რომ კვლევების შედეგები საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერებს წარუდგინონ და პროექტებზე მუშაობა მათთან თანამშრომლობით გააგრძელონ. მადლობას ვუხდით ქალაქ თბილისის მერიასა და პირადად მერს, კახა კალაძეს იმ  წინასწარი მზაობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის საქართველოს დედაქალაქში მაღალ დონეზე ჩატარებას უკავშირდება“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, რომელიც სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო-სამართალი-კულტურა“  ხელმძღვანელია, ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესზე ერთ-ერთი ძირითადი სამეცნიერო მომხსენებლებელი იყო, ხოლო ამავე კლასტერის ახალგაზრდა მკვლევრებმა: მარიამ ხაზარაძემ, დავით გალაშვილმა და ლევან შატბერაშვილმა, რომლებიც კონგრესზე სასექციო მოხსენებებით წარსდგნენ, თავიანთი სამეცნიერო ძიებებით დიდი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესი თემაზე - „სული ხელოვნებასა და კულტურაში“, მიმდინარე წლის 5-8 სექტემბერს, ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში გაიმართა. ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება დიდი მეცნიერისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებლის, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის სახელობის საერთაშორისო კონგრესს რეგულარულად, ორ წელიწადში ერთხელ იწვევს. კონგრესს საპატიო მასპინძლობას სხვადასხვა ქვეყნები უწევენ. 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11