მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

არქიტექტორ გიორგი (გოგი) სალუქვაძეს 80 წელი შეუსრულდა

არქიტექტორ გიორგი (გოგი) სალუქვაძეს 80 წელი შეუსრულდა

22-08-2022

საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, საქართველოს  ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერს, „არქიტექტურის რაინდის“ ტიტულის მფლობელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, შესანიშნავ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ პედაგოგს, ბატონ გიორგი (გოგი) სალუქვაძეს 80 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ბატონ გიორგი სალუქვაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავენ, უსურვებენ დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას მშობლიური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ!


გიორგი სალუქვაძე არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი და ამავე აკადემიის  არქიტექტურის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, სხვადასხვა დროს კი - ამავე კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარე;  აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის აკადემიის წევრი (აკადემიკოსი); სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების უცხოელი წევრი (აკადემიკოსი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი და საუნივერსიტეტო სარედაქციო კოლეგიის  წევრი;

1978-1983 წლებში გიორგი სალუქვაძე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; 1991–2005 წლებში - სტუ-ის არქიტექტურის ინსტიტუტის პირველი დირექტორი; 1995-2006 წლებში - მისივე ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაცია - „შავი ზღვის რეგიონის არქიტექტორთა ფორუმის“ სამდივნოს დირექტორი (ორგანიზაცია  დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას); 2006–2010 წლებში - სტუ-ის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის) დეპარტამენტის  უფროსი; 2021 წლიდან კი, გიორგი სალუქვაძე სტუ-ის არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტთან არსებულ არქიტეტურულ ბიუროს ხელმძღვანელობს.

განსაკუთრებულია გიორგი სალუქვაძის წვლილი ქართული არქიტექტურის განვითარებაში - მისი ნამუშევრები მრვალჯერ აღინიშნა პროფესიული პრემიებით. გიორგი სალუქვაძის ავტორობითა და თანაავტორობით შესრულებულია 21 არქიტექტურული ობიექტის პროექტი, რომელთაგან 13 - განხორციელებულია, მათ შორისაა: თბილისში - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობა (ჭავჭავაძის  გამზირზე) და პოლიტიკური განათლების  სახლი (აღმაშენებლის  გამზირზე).

გიორგი სალუქვაძის სამეცნიერო მოღვაწეობა ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ქალაქი და ეკოლოგია, ურბანული ტერიტორიის ბუნებრივ-ანთროპოგენული გარემოს ოპტიმიზაციის  ორგანიზაციულ-მეთოდური მართვა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მას მრავალი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული; მონაწილეა არაერთი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციისა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

გიორგი სალუქვაძე წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც მიჰყავს სალექციო კურსები „ქალაქის ეკოლოგიის“ მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს დამხმარე სახელმძღვანელოები და წიგნები, მეთოდური მითითებები და საკურსო პროექტების მოცემულობები ქალაქთმშენებლობაში. ის იყო არაერთი მაგისტრანტისა თუ დოქტორანტის სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი და ქვეყანას საუკეთესო არქიტექტორთა თაობები აღუზარდა.

2021 წელს, ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, არქიტექტორ გიორგი სალუქვაძეს „არქიტექტურის რაინდის“ ტიტული მიენიჭა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 80 წლის იუბილეს კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ გიორგი სალუქვაძეს - შესანიშნავ არქიტექტორს, მეცნიერს, ყველასათვის საყვარელ კოლეგას, მეგობარსა და პედაგოგს, უსურვებს მას წელთა სიმრავლეს, ჯანმთელობასა და მრავალმხრივ ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის წარმატებით გაგრძელებას.

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11