მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის მეცნიერებმა „ქართული მემბრანა“ შექმნეს

სტუ-ის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის მეცნიერებმა „ქართული მემბრანა“ შექმნეს

15-08-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მზია კეჟერაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოში პირველად, ალკოჰოლური სასმელების, ღვინისა და წყლის ფილტრაციისთვის განკუთვნილი „ქართული მემბრანა“ შექმნა. ახალი პროდუქტი მაღალხარისხიანი და გაცილებით იაფია იმ უცხოური წარმოების მემბრანებთან შედარებით, რომლებსაც ქართველი მწარმოებლები ფილტრაციის პროცესში იყენებენ.

მაღალი ტექნოლოგიური პარამეტრების მქონე „ქართული მემბრანის“ შესაქმნელად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს.

როგორც სტუ-ის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მზია კეჟერაშვილი აცხადებს, სამეცნიერო კვლევის მთავარი მიზანი იყო, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით „ქართული მემბრანა“ შეექმნათ. მას მაღალი ხარისხითა და დაბალი თვითღირებულებით კონკურენცია უნდა გაეწია უცხოეთიდან იმპორტირებული იმ მემბრანული ფილტრებისთვის, რომლებსაც საქართველოში ალკოჰოლური სასმელების, ღვინის, ხილის წვენებისა და წყლის ფილტრაციისას იყენებენ.

„საქართველოს ეკონომიკაში სოლიდური წილი ალკოჰოლური სასმელების, ღვინის, წყლისა და ხილის წვენების წარმოებაზე მოდის. ამ პროცესში, განსაკუთრებით კი ღვინის წარმოებაში, მნიშვნელოვანი ეტაპია ფილტრაცია, რა დროსაც მემბრანული ფილტრები გამოიყენება. ევროკავშირის დირექტივების თანახმად, საექსპორტოდ გასატანი ღვინის ფილტრაციისთვის აუცილებელია 0.45 მიკრომეტრი ფორის მქონე მემბრანის გამოყენება. საქართველოში 300-მდე ღვინის ქარხანაა, საოჯახო და ფერმერული მეურნეობებიც მრავლად არის და რაკი არ არსებობს ქართული წარმოების მემბრანა, მეწარმეებს მემბრანული ფილტრები უცხოეთიდან შემოაქვთ. ღვინოში ბუნებრივად არსებობს საფუარის სოკოები, რომელიც მას მეორად შებურვას აძლევს. ამის ასაცილებლად ღვინოს მრავალჯერადად გადაღება სჭირდება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე ღვინოს 0.45 მიკრომეტრი ფორის მქონე მემბრანაში გაფილტრავს, მთელ ამ სირთულეს თავიდან აირიდებს. ღვინის მწარმოებელს, ერთი თვის მანძილზე, მემბრანული ფილტრის მხოლოდ ერთ დანადგარზე დასამონტაჟებლად, დაახლოებით, 800 ევროს გადახდა უწევს. ეს საკმაოდ ძვირია და შესაბამისად, ღვინის ფასსაც ზრდის. ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევები სწორედ იმ მიზნით დავიწყეთ, რომ მიგვეღო მაღალხარისხიანი „ქართული მემბრანა“, რომლის გამოყენება ფილტრაციისთვის იქნებოდა შესაძლებელი. ამოცანას თავი წარმატებით გავართვით - ჩვენ მიერ შემუშავებული მემბრანა გამოირჩევა მაღალი ხარისხით და სამჯერ იაფია უცხოურ ანალოგებთან შედარებით“, - აცხადებს მზია კეჟერაშვილი.

მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი აწარმოებს ალკოჰოლური სასმელების, ღვინის, წყლის, ხილის წვენებისა და ასევე, სხვა ტიპის მემბრანულ საფილტრაციო აპარატებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მიკრო, ულტრა და ნანოფილტრაციისათვის. ინსტიტუტი მათ დასამზადებლად სამ უნიკალურ დანადგარს იყენებს.

„ჩვენს ქვეყანაში მემბრანის დამზადების ტრადიცია არ არსებობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის მკვლევრები პირველები ვართ, ვინც „ქართული მემბრანის“ ტექსტურა შეიმუშავა და ვიმედოვნებთ, ის მალე ჩაეშვება წარმოებაში. ეს სრულიად განსხვავებული მასალაა - პოლიმერი და სხვა დანამატები. ეს ჩვენი რეცეპტია და ვიღებთ სასურველ კომპოზიციას. თუ როგორი სისქისა და შემადგენლობის იქნება მემბრანა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვიყენებთ ქიმიკოსები. ინსტიტუტში უნიკალური დანადგარები გვაქვს - მასკანირებელი ზონდური მიკროსკოპი, რომელიც საქართველოში სამია, მუშა მდგომარეობაში კი მხოლოდ ჩვენთანაა; მეორე - მსოფლიო ფლაგმანი, მალვერნის ზეტასაიზერია, რომელიც განსაზღვრავს ნანონაწილაკების ზომას, ზეტაპოტენციალს და მოლეკულურ მასას. ამ ხელსაწყოს მეშვეობით ვაკეთებთ პროგნოზირებას, თუ რა ზომის მემბრანას მივიღებთ; ჩვენი მესამე ხელსაწყოც მსოფლიო ფლაგმანია - პრუკერის ფურიე გარდაქმნის სპექტრომეტრი. ვამაყობთ, რომ სამივე ხელსაწყო მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტშია. ჩვენი მიზანია, ალკოჰოლური სასმელების, ღვინისა და ხილის წვენების მწარმოებელი ქარხნების გარდა, ორგანიზაციებიც დავაინტერესოთ და მათ მემბრანული ტიპის წყლის საფილტრაციო დანადგარები წარვუდგინოთ. ევროპის ბაზარზე ამ ტიპის დანადგარები საკმაოდ ძვირადღირებულია, ქართული წარმოების კი გაცილებით იაფი, ამასთან ერთად, მაღალხარისხიანი და ეროვნული ეკონომიკისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება“, - აღნიშნავს მზია კეჟერაშვილი.

მემბრანული ტიპის ქართულ საფილტრაციო დანადგარებს სტუ-ის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის მეცნიერები მეწარმეებსა და ორგანიზაციებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარუდგენენ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11