მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ს საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრი, პელის მთავარეპისკოპოსი, დოქტორი ფილუმენოსი ეწვია

სტუ-ს საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრი, პელის მთავარეპისკოპოსი, დოქტორი ფილუმენოსი ეწვია

16-08-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი და უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრს, პელის მთავარეპისკოპოსს, თეოლოგიის დოქტორ ფილუმენოსს შეხვდნენ.

შეხვედრას, რომელიც ნიკო მუსხელიშვილის საუნვერსიტეტო ბიბლიოთეკაში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა პელის მთავარეპისკოპოს ფილუმენოსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ანანია ჯაფარიძის პატივისცემა და კეთილი სურვილები გადასცა. სტუ-ის კანცლერმა სტუმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100-წლოვანი ისტორია და ტრადიციები გააცნო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა პელის მთავარეპისკოპოსს, დოქტორ ფილუმენოსს უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო განვითარების ეტაპებსა და მიღწევებზე ესაუბრა. როგორც ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, 2002 წელს, ახალი დეპარტამენტი - თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრი დაარსდა. თეოლოგიის ცენტრი, რომელსაც მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი, სტუ-ის პროფესორი, მეუფე ანანია ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, 20 წელია წარმატებით ფუნქციონირებს: მოქმედებს როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამები და მიმდინარეობს ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობა ეკლესიოლოგიაში საკვლევ თემებზე.

ზურაბ გასიტაშვილმა პელის მთავარეპისკოპოსი ოფიციალურად მიიწვია თეოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრის დაარსებიდან 20 წლისთავს მიეძღვნება. მისი თქმით, კონფერენცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართება, შესაბამისად, პელის მთავარეპისკოპოს ფილუმენოსის კონფერენციაში მონაწილეობა უნივერსიტეტისთვის დიდი პატივი იქნება.

იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრმა, პელის მთავარეპისკოპოსმა, დოქტორმა ფილუმენოსმა საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის წარმომადგენლებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა. პელის მთავარეპისკოპოსმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციაში მონაწილეობა სტუ-ის თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრთან და მის ხელმძღვანელ, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან ნაყოფიერი სამეცნიერო თანამშრომლობის საწინდარი გახდება.

როგორც პელის მთავარეპისკოპოსმა საუბრისას აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქართველოში ჩამოსვლისა და შესაბამისად, საქართველოს უძველესი და უმდიდრესი ისტორიის, ასევე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების უკეთ შესწავლის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პელის მთავარეპისკოპოსმა ფილუმენოსმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის რარიტეტული წიგნების კოლექცია და მნიშვნელოვანი გამოცემები დაათვალიერა.

იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრი, პელის მთავარეპისკოპოსი, თეოლოგიის დოქტორი და ფსიქოლოგიის მაგისტრი ფილუმენოსი, 2018-2022 წლებში, იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო. უდიდესი ღვაწლის გათვალისწინებით, ის იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდში ერთადერთი არაბი ეროვნების მღვდელმთავარია. პელის მთავარეპისკოპოსი ფილუმენოსი, 26 არაბ ქრისტიანთან ერთად, საქართველოში წმინდა ადგილების მოსალოცად იმყოფებოდა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11