საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და ქვეყანაში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალ STARMUS-ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
STARMUS-ფესტივალის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი - სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, არტურ მარტიროსიანის, ასტროფიზიკოსის, STARMUS-ფესტივალის თანადამფუძნებლის, გარიკ ისრაელიანისა და ფესტივალის მენეჯერის, კატერინა დანეკინას წარმომადგენლობით - სომხეთის რესპუბლიკიდან ეწვია.
შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა და საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალ STARMUS-ის მნიშვნელობას შეეხო. როგორც ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ STARMUS-ის რიგით მე-6 ფესტივალი სომხეთის რესპუბლიკაში ტარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. მან ასევე, ისაუბრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ და ყურადღება იმ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა, რაც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მეცნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შედეგია.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს სომხეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან. ორივე ქვეყნის მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და სტუდენტებმა არაერთი ერთობლივი წარმატებული პროექტი განახორციელეს, რაც უდავოდ, მეცნიერების განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალ STARMUS-ის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, სწორედ მეცნიერების პოპულარიზაციას ეხება. მადლობას ვუხდით სტუმრებს ამ მნიშვნელოვანი ფესტივალის ორგანიზებისთვის. იმედი გვაქვს, STARMUS-ფესტივალი რეგიონის ახალგაზრდა თაობებს დააინტერესებს და მეცნიერებისკენ სავალ გზებს გაუხსნის“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, არტურ მარტიროსიანმა და STARMUS-ფესტივალის თანადამფუძნებელმა, ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა შეხვედრის მონაწილეებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება.
გარიკ ისრაელიანის ინფორმაციით, „STARMUS Festival - 6 edition“, 5-10 სექტემბერს ქ. ერევანში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის თემაა „50 წელი მარსზე“ (STARMUS VI – 50 Years on Mars) და „MARS 3“ მისიის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს ეძღვნება. ასტროფიზიკოსის თქმით, STARMUS-ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ორგანიზებულია კოსმოსის კვლევასთან დაკავშირებული კონკრეტული თემის შესახებ, საერთაშორისო პლატფორმაა სამეცნიერო კომუნიკაციისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წასახალისებლად. ამასთან ერთად, საფესტივალო ფორმატი მოიცავს სამეცნიერო დებატებს, პანელურ დისკუსიებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფილმების ჩვენებას და მრავალ სხვა აქტივობას. წლევანდელი STARMUS-ის ფარგლებში, მოხსენებით წარდგებიან ნობელის პრემიის ლაურეატები: ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი კიპ თორნი, ემანუელ შარპენტიე, დონა სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი, მიშელ მეიორი, აპოლონის ასტრონავტი ჩარლი დიუკი, ასტრონავტი კრის ჰედფილდი, რომელმაც პირველად დაუკრა გიტარაზე კოსმოსიდან, ჩარლზ ბოლდენი და აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი, ასევე, წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ნასას ასტრონავტი ჯიმ ბაღიანი იქნება.
შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალში ქართველი მეცნიერების ჩართულობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფესტივალი ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
STARMUS-ი საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალია, რომელიც ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და Queen-ის ლეგენდარულმა გიტარისტმა, ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ დააარსეს. ფესტივალი ასოცირდება ბრიტანელი ფიზიკოსისა და ასტროფიზიკოსის - სტივენ ჰოკინგისა და მსოფლიოში ცნობილი მხატვრების, მეცნიერებისა და მუსიკოსების სახელებთან. ფესტივალი პირველად 2011 წელს, ტენერიფეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი) გაიმართა, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოეწყო. დღეს უკვე STARMUS-ი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასტრონავტებს, ხელოვანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და უახლეს გამოგონებებს უზიარებენ ახალ თაობებს იმ მიზნით, რომ მათი შთაგონება მეცნიერების სამყაროსკენ მიმართონ.