მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -„საქართველო და ევროინტეგრაცია“ ჩატარდა

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -„საქართველო და ევროინტეგრაცია“ ჩატარდა

09-08-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამისა და „Jean Monnet მოდულის“ მხარდაჭერით, ჰიბრიდულ ფორმატში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართა.

კონფერენცია, რომელიც პროექტის - „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში ჩატარდა, ორგანიზება სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობისა და პოლიტიკის დეპარტამენტმა გაუწიეს. ღონისძიებაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოსა და უცხოეთის 15 უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მაგისტრანტები.

ღონისძიება პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ემზარ ფაჟავამ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და ევროინტეგრაციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დევი ხვედელიანმა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა, სტუ-ის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ, კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციის თავმჯდომარემ - გრაცის უნივერსიტეტის პროფესორმა თომას კრუისმანმა, მოდერატორებმა: კონფერენციის თანაორგანიზატორმა  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ოლივერ რაისნერმა, სტუ-ის პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ და კონფერენციის საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების ხელმძღვანელმა - სტუ-ის პროფესორმა ლიზა ამილახვარმა.

როგორც პროექტის კოორდინატორი და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ემზარ ფაჟავა აცხადებს, კონფერენციის მიზანი ევროპული კვლევების მიმართულებით მეცნიერ-მკვლევრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო შესაძლებლობების განვითარება და ევროინტეგრაციული კვლევების მხარდაჭერაა.

„საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა პროექტის - „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში და მისი მუშაობა რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, სამართალი, ბიზნესი და მენეჯმენტი. კონფერენცია სამი წლის მანძილზე, ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავებლები, უცხოელი სტუმრები. რაც შეეხება პროექტს, ის მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამის, „Jean Monnet მოდულის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. პროექტი 2019 წლიდან ამოქმედდა და წელს დასრულდება. მისი მიზნობრივი ჯგუფები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები. პროექტის ფარგლებში მათთვის სპეციალურად მომზადდა სილაბუსი და სალექციო კურსი, რომელიც მიზნად ისახავს კულტურულ-ისტორიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, სტუდენტებისთვის ერთიანი ევროპული იდეის, მისი წინაპირობების, ევოლუციისა და ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობის კომპლექსურად შესწავლას. გარდა ამისა, სასწავლო კურსი მოიცავს საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ევროინტეგრაციული პროცესების განვითარების ეტაპებსა და დინამიკას“, - აღნიშნავს ემზარ ფაჟავა.

საკონფერენციო ნაშრომები ჟურნალ „ევროპულ კვლევებში“ გამოქვეყნდება. ჟურნალის სარედაქციო საბჭოში დარგის ცნობილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შედიან.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11