მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის მაგისტრანტი ანაკოფიის ციხესიმაგრის ციფრულ რეკონსტრუქციასა და ზუსტი მაკეტის შექმნაზე მუშაობს

სტუ-ის მაგისტრანტი ანაკოფიის ციხესიმაგრის ციფრულ რეკონსტრუქციასა და ზუსტი მაკეტის შექმნაზე მუშაობს

03-08-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტი თამაზ კიკორია, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, პროფესორ ბესარიონ ტატიშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქ ანაკოფიის ციფრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციასა და ზუსტი მაკეტის შექმნაზე მუშაობს.

მაგისტრანტის ნაშრომის ვიზუალურ მხარეზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი ზრუნავს და მაგისტრანტის ციფრული პროექტის საფუძველზე, ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, უძველესი საფორტიფიკაციო ნაგებობის მაკეტის დამზადებაში მას დახმარებას უწევს. მაკეტის შექმნის პროცესში, ციხე-ქალაქ ანაკოფიის ანაზომები და პირვანდელი სახე ზედმიწევნით იქნება დაცული.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტი თამაზ კიკორია წარმოშობით გალიდანაა. სწორედ, ეს ფაქტორი გახდა მისი სამაგისტრო ნაშრომის მთავარი ინსპირაცია. როგორც მაგისტრანტი აცხადებს, მას სურდა გაეცოცხლებინა საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც დღეს ფუნქციადაკარგულია.

„წარმოშობით გალიდან ვარ და ჩემი ოჯახი დღემდე გალში ცხოვრობს. ამიტომ გადავწყვიტე, სამაგისტრო ნაშრომის თემად ჩემი კუთხის, ჩემი მიწა-წყლის ისტორია და კერძოდ, ანაკოფიის ციხე-ქალაქის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ამერჩია. ეს VII-VIII საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც სოხუმიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ივერიის მთის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე. XIV-XV საუკუნეებში, ზღვის პირას, მდინარე ფსირცხის შესართავთან გენუელებმა ციხე ააგეს და ფაქტორია დააარსეს. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა, ლევან დადიანმა მას ზღუდე შემოავლო. მოკლედ, ეს არის დიდი წარსულის მქონე ციხე, რომელიც მოგვიანებით, მონასტრად გადაკეთდა. პარალელს თუ გავავლებთ საბერძნეთთან, სიმბოლურია, რომ ციხე ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთაზე დგას. თაობები გაიზარდნენ, რომელთაც არ უნახავთ საქართველოს ულამაზესი კუთხე - აფხაზეთი, ამდენად, ორმაგი პასუხისმგებლობით ვეკიდები სამუშაო პროცესს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო - როდესაც არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, წინასწარ დაცვაზე წარვადგინე იდეა და პროექტი ანაკოფიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის შესახებ, ყველა გვერდში ამომიდგა და ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება შევძელი. აფხაზურ ინტერნეტსივრცეში მივაგენი ზუსტ ანაზომებს, რაც საშუალებას მომცემს, არ დავარღვიო ციხის ისტორიული იერი. ციფრული მოდელის მაკეტად ქცევა კი მასშტაბების აღქმის საშუალებასაც იძლევა. მაკეტი რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულია, ზედმიწევნით ვიცავთ სიზუსტეს ანაზომების მხრივ და გამოჭრის პროცესშიც“, - აცხადებს თამაზ კიკორია.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი აღნიშნავს, ანაკოფიის ციხისიმაგრის მაკეტის დამზადებაზე ფაბლაბის გუნდი სტუ-ის მაგისტრანტ თამაზ კიკორიასთან ერთად მუშაობს.  

„როდესაც თამაზ კიკორია ანაკოფიის ციხესიმაგრის მაკეტის დასამზადებლად უნივერსიტეტის ფაბლაბს დაუკავშირდა, სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩით. როგორც წესი, სტუდენტები ტრენდულ, თანამედროვე თემებს ირჩევენ, თამაზმა კი მეტად შრომატევადი და ისტორიული თემა აირჩია. ეს გასაგებიცაა, მას მშობლიური კუთხის ნოსტალგია აქვს. თამაზს სურდა, ფაბლაბი  რელიეფურ დონეზე დახმარებოდა, მაგრამ როდესაც პროექტს გავეცანით, ჩავთვალეთ, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი და მსჯელობა მასშტაბების გაზრდაზე დავიწყეთ. ჩვენი მთავარი იდეაა, საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანა - არ გვინდა, ეს პროექტი მხოლოდ სამაგისტრო ნაშრომად დარჩეს. საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას მეტი და სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ხუროთმოძღვრების შესახებ. ვფიქრობთ,  ანაკოფიის ციხესიმაგრის მაკეტი აუცილებლად დააინტერესებს ახალგაზრდებს“, - აცხადებს გიორგი ფრანგიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

03.08.2022

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11