მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სტუ-ში სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

01-08-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ გაიმართა.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტმა წლევანდელი კონფერენცია უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.  კონფერენციაში, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტისა და ევროპის ოთხი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა მიიღეს. ორდღიან სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტებმა, საერთო ჯამში, 40-ზე მეტი ნაშრომი წარადგინეს.

როგორც ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი აღნიშნავს, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და ახალგაზრდებს მკვლევრის უნარ-ჩვევების გამოვლენისა და სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის, როგორც შესაძლებლობას, ასევე დიდ გამოცდილებას აძლევს.

„აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომები, სამეცნიერო თვალსაზრისით, საინტერესო და საყურადღებოა. სტუდენტთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, მომავალი მშენებლებისთვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, გამოავლინონ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა,  ფაკულტეტსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინონ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შესაძლებელია, სამომავლოდ პრაქტიკაშიც კი დაინერგოს. ჩვენ ამის არაერთი შემთხვევა გვქონია. სასიხარულოა, რომ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციაში, რისთვისაც ისინი მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან, სამეცნიერო ხელმძღვანეებთან ერთად ამუშავებენ თემებს და ცდილობენ, რაც შეიძლება მაღალკვალიფიციურად წარმოადგინონ სასწავლო წლის მიღწევები. ვფიქრობთ, მსგავს სამეცნიერო აქტივობაში ჩართვა მნიშვნელოვანია ჩვენი ბაკალავრებისთვის, რომლებსაც გარდა გამოცდილებისა და თავიანთი უნარების წარმოჩენისა, სამეცნიერო აუდიტორიასთან ადაპტაციის საშუალება ეძლევათ. რაც შეეხება ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, მათთვის სტუდენტურ სამეცნიერო  კონფერენციაში მონაწილეობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, - აცხადებს ზურაბ გვიშიანი.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის, ტარიელ კვიციანის განცხადებით, კონფერენციაში 40-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. სამეცნიერო თვალსაზრისით, მათ არაერთი საინტერესო თემა განიხილეს.

„სტუდენტებმა კონფერენციაზე 40-ზე მეტი თემა წარადგინეს. კომისიას რთული მისია დაეკისრა, რადგან მაღალკვალიფიციურ ნაშრომებს შორის, რთულია საუკეთესოს შერჩევა, თუმცა პირველი სამეულის გამოვლენა აუცილებელი და საჭიროცაა. საკონფერენციო თემებს შორის, ორ ნაშრომს  გამოვყოფ: ჩვენმა მაგისტრანტმა, ხატია გაბოძემ წარმოადგინა კვლევა, რომელიც, ვფიქრობთ, საუკეთესოდ პასუხობს აქტუალურ საკითხებს. მაგისტრანტმა იმუშავა მშენებლობაში ახალი მასალების გამოყენების მიმართულებით და საკვლევ ობიექტად, ბათუმში ამ მასალებით აგებული ერთ-ერთი შენობა შეარჩია. კვლევის შედეგად მან დაადასტურა, რომ შესაძლებელია ახალი სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება, რაც გაცილებით რენტაბელურია, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წარმოების განვითარებას და შესაბამისად - ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სტუდენტ იოსებ ურთმელიძის კვლევა კი სეისმურ ტალღებსა და შენობების მდგრადობას ეხება. ეს უდავოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია სეისმურად აქტიურ ზონებში სეისმომედეგი მშენებლობის მიმართულებით”, - აღნიშნავს  ტარიელ კვიციანი.

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული თემების პირველი სამეულის ავტორებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ, ხოლო საკონფერენციო ნაშრომებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი კრებულის სახით გამოსცემს. 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11