მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სისტემური მსოფლმხედველობის გამოყენებითი ასპექტები გოგი კვარაცხელიას სააზროვნო შემოქმედებაში

სისტემური მსოფლმხედველობის გამოყენებითი ასპექტები გოგი კვარაცხელიას სააზროვნო შემოქმედებაში

29-07-2022

 „სიჩქარე, სიჩქარე და ისევ სიჩქარე გონით“

მოყვანილი ფრაზა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, სტუ-ს საპატიო დოქტორს, პოლკოვნიკ  გოგი კვარაცხელიას, რომელიც მან წინასიტყვაობის სახით დაურთო თავის ნაშრომს. თუ რა მოიაზრება ამ ცნების ქვეშ ან რა ჰიპოთეზა უდევს საფუძვლად  აღნიშნულ გამოთქმას გ. კვარაცხელია აკეთებს შემდეგ განმარტებას:

ადამიანი, მისი ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ევოლუციური განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში, ყოველთვის სვამდა კითხვებს და ცდილობდა გაეზომა სხვადასხვა საგნების სიჩქარე. ცნება „სიჩქარე“ გვხვდება ნებისმიერ დარგში, მაგალითად ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმატიკის და ა. შ. დარგებში, მაგრამ ყველაზე ღრმად იგი შეისწავლება ფიზიკის დარგში. მეცნიერებმა საკმაოდ მაღალი ხარისხით და შეიძლება ითქვას სიზუსტითაც შეისწავლეს

ა) კოსმოსური სიჩქარე, რომელსაც სწავლობს ციური მექანიკის და ასტროდინამიკის დარგები. პირველი მოიცავს მზის სისტემის და სხვა ციური სხეულების მოძრაობას , ხოლო მეორე ხელოვნური კოსმოსური სხეულების  (თანამგზავრი) მოძრაობას, და ამ მეორე შემთხვევისათვის იგი შესაძლოა იყოფოდეს პირველ, მეორე და მესამე კოსმოსურ სიჩქარეებად, რომელთა ფუნქცია და დანიშნულება კარგადაა ცნობილი თანამედროვე ცოდნიდან.

ბ) ბგერის სიჩქარე - დრეკადი ტალღების გავრცელების სიჩქარე გარემოში, რომელიც განისაზღვრება გარემოს დრეკადობითა და სიმკვრივით. იგი არ არის მუდმივი სიდიდე და დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, მიმართულებაზე  და სხვა მახასიათებლებზე თუ ფაქტორებზე.

გ)  სინათლის სიჩქარე - სინათლის სიჩქარე ვაკუუმში, ეს არის ფუნდამენტური მუდმივა, რომელიც არაა დამოკიდებული ათვლის ინერციული სისტემის არჩევაზე და იგი თანამედროვე გათვლებით ტოლია   299792458 მ/წმ. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით არაფერს სამყაროში არ შეუძლია სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება. თეორია ამტკიცებს, რომ მატერიის სიჩქარე რაც უფრო უახლოვდება სინათლის სიჩქარეს მისი მასა მიისწრაფის უსასრულობისაკენ, დრო კი ნოლისაკენ.  სინათლის სიჩქარე იმდენად უცვლელი სიდიდეა, რომ აშშ-ს სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით იგი გამოიყენება ისეთი საერთაშორისო სტანდარტული საზომი ერთეულების განსასაზღვრავად, როგორიცაა მეტრი, მილი, დუიმი (ზოგიერთი გათვლებით წონისაც- კგ და ტემპერატურის-კელვინის)  და ა.შ.    

მეცნიერებმა ასევე საკმაოდ ზუსტად განსაზღვრეს სიჩქარე, რომლითაც დედამიწა მოძრაობს საკუთარი ღერძის თუ მზის გარშემო, აგრეთვე კონტინენტების დრეიფის საშუალო სიჩქარე და სხვა და სხვა.

მეცნიერთა და სწავლულთა კვლევები და ექსპერიმენტები იქამდეც კი მივიდა, რომ იყო მცდელობები განესაზღვრათ ე.წ. „ფიქრის სიჩქარე“.

იმისათვის, რომ ამ საკითხს ჰქონოდა რაიმე სამეცნიერო მნიშვნელობა  აუცილებლად უნდა ყოფილიყო განმარტებული თუ რა არის „ფიქრი“, რათა ფიზიკური მეთოდებით შესაძლებელი გამხდარიყო სიჩქარის განსაზღვრა. ზოგიერთი განმარტების თანახმად ადამიანს შეუძლია ფიქრი იმიტომ, რომ არსებობს იმპულსები, რომლებიც გადაეცემა ნერვული უჯრედებიდან ნერვულ უჯრედებს. ნებისმიერი ქმედება,  რომელიც დამოკიდებულია ამ ნერვულ სისტემაზე ემყარება ხსენებული იმპულსების ნეირონებში გავლის სიჩქარეს. ამიტომ  „ფიქრი“, ანუ შეგრძნებებზე დამოკიდებული ქმედება არ შეიძლება იყოს უფრო სწრაფი ვიდრე დრო, რომელიც სჭირდება იმპულს გზის გასავლელად. აქედან გამომდინარე „ფიქრის სიჩქარის“ მნიშვნელობა შესაძლოა დაყვანილი იყოს „ნერვული იმპულსის სიჩქარის“ მნიშვნელობამდე, რაზეც  1850 წელს გერმანელმა ფიზიოლოგმა გერმან ფონ გელმგოლცმა (Hermann von Helmholtz) ჩაატარა ექსპერიმენტი მიუერთა რა სადენები ბაყაყის თათს და აიძულებდა კუნთს შეკუმშულიყო სტიმულაციის მეშვეობით ორ განსხვავებულ წერტილში. მან გამოთვალა ინტერვალი ნერვის სტიმულაციასა და კუნთის შეკუმშვას შორის და აღმოაჩინა, რომ სიგნალს სჭირდებოდა წამის მეათედი ნაწილი იმისათვის, რომ გაევლო ნერვში და მიეღწია კუნთამდე. სხვა ექსპერიმენტში მან გამოიყენა მსუბუქი შოკი ადამიანის კანზე, რომელიც აიძულებდა ამ უკანასკნელს ჟესტიკულაციით გამოეხატა ხსენებული შოკით მიღებული შეგრძნებები. ამ ექსპერიმენტების საფუძველზეც გელმგოლცმა დაასკვნა, რომ საჭირო იყო გარკვეული დრო რათა ზემოქმედებით გამოწვეულ სიგნალებს გაევლო ადამიანის ნერვულ დაბოლოებებში. 

კიდევ ერთი ექსპერიმენტის ავტორი ბენჯამინ ლიბეტი (Benjamin Libet) საკუთარი კვლევების საფუძველზე ასკვნის, რომ „ფიქრი“ არის ტვინში ნეორონული აქტივობის შედეგი და ელექტრონული იმპულსების ნეირონულ ქსელში გავლის სიჩქარე გაცილებით ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე. ლიბეტის ექსპერიმენტის მიხედვით ტვინს ესაჭიროება 13 მილიწამი იმისათვის, რომ იდენტიფიცირება გაუკეთოს გამოსახულებას (თვალების მიერ აღქმიდან ტვინის მიერ ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებამდე) ანუ ტვინის „შეგნებული აქტივობა“ ხდება შედარებით გვიან „შეგნებულ დამუშავებამდე“. აქედან გამომდინარე ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნერვული  პროცესები სინათლის სიჩქარესთან შედარებით მიმდინარეობს გაცილებით ნელა.

თავის დროზე გელმგოლცის ექსპერიმენტის შედეგებს და შემდგომ ლიბეტის ექსპერიმენტულ დასკვნებს არ აკლდა და არ აკლია კრიტიკოსები სამეცნიერო წრეებიდან.

ბატონი გ. კვარაცხელიაც საკუთარ თავს  ამ კრიტიკოსთა რიცხვში მოიაზრებს, რამეთუ მიიჩნევს, რომ ასეთი ექსპერიმენტები არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად რამეთუ იმისათვის, რომ გაიზომოს რაიმეს სიჩქარე უნდა განსაზღვრული იყოს მისი საწყისი და ბოლო. მოყვანილ ექსპერიმენტებში კი „ფიქრი“ განსაზღვრულია, როგორც შეგრძნებებზე დამოკიდებული ქმედებანი, რომლებიც ხორციელდება სენსორული ინფორმაციის მიღების მომენტიდან რაიმე ქმედების დაწყების მომენტამდე. ანუ აქ „ფიქრი“-ს ქვეშ მოიაზრება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი პროცესები,  რომლებიც დაკავშირებულია ჯერ ერთი ფიზიკურ აღქმასთან (შეგრძნებასთან), მეორეც-აღქმის საფუძველზე ქმედების დაგეგმვასთან (რა ან როგორ უნდა გაკეთდეს) და მესამეც- უშუალოდ ქმედების დაწყებისაგან, რის გამოც არაა გათვალისწინებული სხვა პროცესები რომლებიც შესაძლოა ჩათვლილიყო „ფიქრად“.  

„ფიქრი“ წარმოადგენს შინაგან, ძალიან ინდივიდუალურ პროცესს, რომელზეც დაკვირვება მარტივი არ არის. იგი ეფუძნება ნეირონების რთული ქსელის ურთიერთქმედებას, რომლებიც განაწილებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებს შეუძლიათ გამოიყენონ ვიზუალიზაციის ისეთი საშუალებები, როგორიცაა ფუნქციონალური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და ელექტროენცოფალოგრაფია, რათა დაინახონ თუ ნერვული სისტემის რომელი ნაწილები არიან აქტიურნი სხვადასხვა სააზროვნო  პროცესების დროს და  როგორ მოძრაობს ინფორმაცია ნერვული სისტემის გავლით, ისინი მაინც შორს არიან საიმედო კავშირის დასანახად მენტალურ წარმოდგენებსა და იმპულსებს შორის.

      ზემოთმოყვანილი მოსაზრებების მიუხედავად, გ. კვარაცხელია მიიჩნევს, რომ რეაქციის დრო (რაზეც ზემოთ იყო საუბარი) შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ საუკეთესო ირიბ მაჩვენებელს  „ფიქრის“, როგორც სენსორულ ქმედებებთან დაკავშირებული სააზროვნო პროცესების სიჩქარის დასახასიათებლად, და იმავდროულად შემოაქვს „გონის სიჩქარე“-ს ცნება და გამოთქვამს მოსაზრებას, მასზედ, რომ არ შეიძლება არსებობდეს ან მოქმედებდეს რამე უფრო აღმატებულად სწრაფად. 

ბატონი გ. კვარაცხელია ამ ჰიპოთეზის განვითარების პერსპექტივას უყურებს იმედიანად და აღნიშნავს,  რომ  მისი ვარაუდი მრავალი წლის განმავლობაში ღრმა ფიქრისა და განსჯის  შედეგია, რომელიც ეფუძნება ფილოსოფიურ და მეცნიერულ ცოდნას კომბინაციაში.

გ. კვარაცხელიას განმარტებით ზოგადად „გონი“ ფილოსოფიური კატეგორიაა, რომელიც განსაზღვრავს სააზროვნო შემოქმედების (პროცესის) უმაღლეს ტიპს და ზოგადად გამოიხატება პრინციპებში, იდეებში და იდეალებში. თანამედროვე მეცნიერების თვალთახედვიდან გამომდინარე ტვინი კი, როგორც ფიზიკური და ბიოლოგიური მატერია, წარმოადგენს ურთულეს ნეირონულ ქსელს, რომელიც აწარმოებს და ამუშავებს უამრავი რაოდენობის ლოგიკურად დაკავშირებულ ელექტროქიმიურ იმპულსებს, ხოლო ადამიანის შინაგანი სამყარო, მათ შორის „გონი“, წარმოადგენს ამ მუშაობის პროდუქტს.  „გონი“-ს, როგორც სააზროვნო პროცესის ერთ- ერთი შემადგენელი ნაწილი გ. კვარაცხელიას თქმით არის „წარმოსახვა“ ანუ გონების მიერ წარმოსახვითი სურათის ფორმირება. გ. კვარაცხელია აქცენტს აკეთებს წარმოსახვით სურათზე, რომელიც შეიძლება ფორმირებული იყოს ტვინის ნეირონული ქსელის მიერ წარმოებული ექლექტრო ქიმიური იმპულსების მოქმედების შედეგად და არა  სურათზე, რომელიც შესაძლოა კონფიგურირდეს სენსორული ზემოქმედების შედეგად გადამუშავებული იმპულსებით, როგორც ეს ნახსენები იყოს „ფიქრის“ სიჩქარის განსაზღვრისას. გ. კვარაცხელია თვლის, რომ სწორედ „გონის სიჩქარის“ ქვეშ მოიაზრებს გონებრივი წარმოსახვითი სურათის ფორმირების სიჩქარეს, იმ კავშირების გარეშე, რომელიც შესაძლოა განვითარდეს  მიმდინარე  ემოციებთან, განცდებთან თუ სხვა ქმედებებთან.

გ. კვარაცხელია თვლის, რომ გარე ხილვად თუ უხილავ ფაქტორებზე, ან სენსორული კავშირისაგან დამოუკიდებლად ფორმირებული გონებრივი წარმოსახვითი სურათის ფორმირების საწყისი და ბოლო წერტილები, იმდენად ახლოა, რომ პროცესი შესაძლოა ჩაითვალოს მყისიერად, ანუ დროსა და სივრცეში თითქმის ერთდროულად მიმდინარე, რაც „გონის  სიჩქარის“ ანუ იმ იმპულსის სიჩქარის აღმატებულ ხარისხზე-სისწრაფეზე მიუთითებს, რომელიც ხსენებულ იმპულს ესაჭიროება ნეირონული კოდის მიღებიდან წარმოსახვის ფორმირებამდე. აქედან გამომდინარე გონის სიჩქარე შესაძლოა მეტი იყოს ყველა სხვა სიჩქარესთან შედარებით.

გ. კვარაცხელია ფიქრობს, რომ მოყვანილი ჰიპოთეზის დამოწმება მხოლოდ დროის საკითხია, რადგან აუცილებელია გამოკვლეული იქნას მისი ფიზიკური მდგენელი (სხვა შესაძლო მახასიათებლებთან ერთად) და მიუხედავად იმისა, რომ დარგში არსებული დღევანდელი ცოდნა არ იძლევა ამის შესაძლებლობას, იგი მაინც მიიჩნევს, რომ კვლევებისა და ექსპერიმენტების თანამედროვე ტენდეციებმა უზრუნველყონ ამ ჰიპოტეზის დამოწმება არც თუ შორეულ მომავალში.


მე არ ვბაძავ და არ ვეკამათები არც აინშტაინს, არც არქიმედეს და არც ტესლას, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე - პირამიდების კერძოდ, ხეოფსის დიდი პირამიდის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ალგორითმზე მუშაობის დროს მე წავაწყდი (აღმოვაჩინე)  ჩემის აზრით, სამყაროს უდიდეს სიჩქარეს (საწყისი სიჩქარე, კოსმოსური სიჩქარე, ფიქრის სიჩქარე, სინათლის სხივის სიჩქარე) რომლებიც ვიცით, - რომელიც არ ვიცით, ვფიქრობ რომ სწორედ ეს არის ადამიანური „გონის“ სიჩქარე. „ბრძანება და შესრულება“ ერთდროულად. ალგორითმს, რომელსაც ვეძებდი წამის N მონაკვეთში დაფიქსირდა ჩემს მეხსიერებაში, „გონებაში“, ხოლო ალგორითმის ესკიზების აწყობას და ქაღალდზე გადმოტანას, უფრო სწორედ აწყობის დაწყებას წლები მოვანდომე. ვფიქრობ, ალბათ ამ სიჩქარით უნდა იყოს მოძრაობა ჩვენს უკიდეგანო სამყაროში.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11