მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მალტის ხელოვნების ფესტივალზე წარმატებით წარსდგა

სტუ-ის თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მალტის ხელოვნების ფესტივალზე წარმატებით წარსდგა

29-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 75-წლიანი ისტორიის მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მალტის ხელოვნების ფესტივალზე წარმატებით წარსდგა.

მალტის ხელოვნების ფესტივალის - EUROART 2022-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“ ცნობილი მწერლისა და დრამატურგის, ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ დადგმული სპექტაკლი - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მალტის დედაქალაქ ვალეტას მუნიციპალური თეატრის სცენაზე წარადგინა.

სტუ-ის თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნუგზარ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, მალტის ხელოვნების ფესტივალზე საქართველოს პროფესიონალური თეატრები და მხოლოდ ერთი სამოყვარულო დასი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მოდინახე“ იყო მიწვეული, როგორც აღიარებული და ერთ-ერთი ძველი ტრადიციის მქონე საუნივერსიტეტო თეატრი.

„მალტის ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიის კიდევ ერთი წარმატება და აღიარებაა, რადგან საქართველოდან მონაწილე პროფესიონალურ თეატრებს შორის მხოლოდ „მოდინახე“ იყო სამოყვარულო საუნივერსიტეტო დასი. ფესტივალის ფარგლებში, ვალეტას მუნიციპალურ თეატრში ვითამაშეთ სპექტაკლი - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“.  სპექტაკლს ესწრებოდნენ კუნძულ მალტის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მაყურებელი, მალტაში ქართული დიასპორისა და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები, მალტის ქალაქების მერები და თეატრალური კრიტიკოსები. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა სპექტაკლმა და მსახიობებმა, განსაკუთრებით კი, მთავარი როლის შემსრულებელმა გიორგი ჭანტურიამ, მაყურებელის დიდი მოწონება დაიმსახურეს  და კრიტიკოსების მხრიდანაც მაღალი შეფასება მიიღეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მთავარ ორგანიზატორს - მალტის ქართული კულტურის ცენტრს და მის წარმომადგენლებს - მაკა ლაშხსა და ირინა ცერცვაძეს, საქართველოს კონსულს კუნძულ მალტაზე და ორგანიზატორებს ევროკავშირიდან. განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა, რომლებმაც უზრუნველყვეს ჩვენი ფესტივალში მონაწილეობა. შეუძლებელია მადლიერება არ გამოვხატოთ თეატრის ფანკლუბის წევრების მიმართ, რომლებიც ასე ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ ჩვენს დასს. უნივერსიტეტისა და თეატრის სახელით, ვულოცავთ ბატონ ლაშა თაბუკაშვილს მისი პიესის კიდევ ერთ გამარჯვებას. რაც მთავარია, მალტის ფესტივალიდან ემოციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდით, რაც ძლიერ მოტივაციას გვიქმნის, რომ ახალ გეგმებზე ვიმუშაოთ. ვაპირებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ტურნე და სხვადასხვა სპექტაკლების წარდგენა. გარდა ამისა, მალე ახალი სპექტაკლის დადგმაზე მუშაობას დავიწყებთ. ასე რომ, საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ახლო მომავალში, პრემიერაზე მივიწვევთ“, - აღნიშნავს ნუგზარ ბუცხრიკიძე.


მალტის ხელოვნების ფესტივალი - EUROART 2022-ი მალტის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. როგორც ორგანიზატორები სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, ფესტივალის ფარგლებში, კუნძულ მალტაზე, ერთ სივრცეში 250 ქართველი ხელოვანის გაერთიანება და მათი შემოქმედების წარმოჩენა მოხდა: საქართველოს თეატრალურმა დასებმა 11 სპექტაკლი წარმოადგინეს; გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლებისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტები; მოეწყო ქართული სცენოგრაფიის, ქართველ ხელოვანთა, მოქანდაკეთა და ინკლუზიური სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა, საქართველოს კინოაკადემია კი მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივით წარსდგა. ფესტივალის მხარდაჭერისთვის ორგანიზატორები მადლობას მხარდამჭერ უწყებებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უხდიან.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11