მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -„თანამედროვე მსოფლიო წესრიგი - პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ გაიმართა

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -„თანამედროვე მსოფლიო წესრიგი - პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ გაიმართა

28-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი - პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ (Modern World Order - Political-Legal Challenges) გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების – ალფრედ კურატაშვილის, ნათელა მაისურაძისა და ოთარ დავითაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენციის გახსნაზე შეკრებილმა საზოგადოებამ გარდაცვლილ პროფესორთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. მან მიწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მისალმება გადასცა და საერთაშორისო კონფერენციის თემატიკის აქტუალობაზე ყურადღება გაამახვილა.

„კონფერენციის - „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი - პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ თემატიკა მრავალმხრივ აქტუალურია, როგორც გლობალურ ჭრილში, ასევე, ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის. სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ესაჭიროებათ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მხარდაჭერა, რაც ხელეწიფება უნივერსიტეტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო წრეებს. აღნიშნულში კონფერენციის მონაწილეები სექციების სამუშაო პროცესში თავადაც დარწმუნდებიან. ზოგადად, იურისპრუდენცია მნიშვნელოვანი დისციპლინაა კანონშემოქმედებისა და საკანონმდებლო სფეროს განვითარებაში, ეფუძნება რეალურ დარგებში გამოვლენილ პრაქტიკასა და დანაშაულის სტატისტიკას. სწორედ ეს ხდება კანონების შემუშავების საფუძველი. საგულისხმოა, რომ კანონის ამოქმედების შემდეგაც მიმდინარეობს მისი აღსრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი, რის საფუძველზე, ეტაპობრივად, ხდება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა-სრულყოფა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ეხმიანება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, განიხილავს საკითხებს საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში და ცდილობს, არაპროგნოზირებად და ცვალებად სამყაროში არსებული გლობალური პრობლემების გადაჭრის გზები იპოვოს“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და ღონისძიების სამეცნიერო მნიშვნელობას შეეხნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სტუ-ის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო კონფერენციამ მუშაობა ჰიბრიდულ ფორმატში, ქართულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე, შვიდ სექციად განაგრძო. კონფერენციის მონაწილეებმა - უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის წამყვანმა მეცნიერებმა, სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრებმა, დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა - სექციურ რეჟიმში თავიანთი უახლესი კვლევები წარადგინეს და გლობალური ტენდენციები თუ გამოწვევები განიხილეს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11