მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სტუდენტებმა აქციის - „სტუდენტები მწვანე გარემოსთვის“ ფარგლებში პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

სტუ-ის სტუდენტებმა აქციის - „სტუდენტები მწვანე გარემოსთვის“ ფარგლებში პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

27-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

საუნივერსიტეტო ღია სივრცის დასუფთავების აქცია - „სტუდენტები მწვანე გარემოსთვის“ თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის განცხადებით, უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დასუფთავების აქცია გაიმართა, სულ რაღაც ათი თვის წინ, ავტოფარეხები და სხვადასხვა დროებითი ნაგებობები იყო განთავსებული, რაც თავის მხრივ, არ იყო კავშირში საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამერიკავკასიაში ერთ-ერთმა უძველესმა და წარმატებულმა უმაღლესმა საინჟინრო-ტექნოლოგიურმა  სკოლამ, სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა ღირსეულად აღნიშნონ იუბილე. რექტორის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს, როგორც შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოები, ასევე სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ვაფუძნებთ ახალ ლაბორატორიულ კომპლექსებს, ვატარებთ საუნივერსიტეტო ღია სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოებს. სწორედ ამ ტიპის ღონისძიებებში შედის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, რაც ეტაპობრივად, მისი კეთილმოწყობით დასრულდება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები ასე ზრუნავენ თავიანთ ალმა-მატერზე - მათ თვითონ გამოიჩინეს საუნივერსიტეტო ღია სივრცის დასუფთავების ინიციატივა. უნდა აღინიშნოს, რომ აქ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის სრულიად გამოუსადეგარი ავტოფარეხები და გაურკვეველი დანიშნულების დროებითი შენობა-ნაგებობები იდგა. რექტორის გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში ამ ტერიტორიზე სტუდენტებისთვის მრავალფუნქციური და საინტერესო სივრცე მოეწყობა. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფს“ მხარდაჭერისა და აქციაში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის, სტუდენტური თვითმმართველობისა და უპირველეს ყოვლისა, სტუდენტების მიზანია, პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია სრულად გასუფთავდეს მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენებისგან, კეთილმოეწყოს და სამომავლოდ გამოყენებულ იქნას, როგორც საუნივერსიტეტო მწვანე სივრცე სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიების ჩასატარებლად.

„მისასალმებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, შექმნას სტუდენტების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მწვანე სივრცე. აქაურობა ადრე გაურკვეველი წარმომავლობის ნაგებობებით იყო გადატვირთული. როგორც ვიცით, ამ ღია სივრცეში სხვადასხვა პავილიონი მოეწყობა, იქნება სტადიონიც. ეს ყველაფერი ჩვენს და ჩვენი შემდგომი თაობების სტუდენტურ ცხოვრებას გაალამაზებს. ვფიქრობ, სტუდენტური სივრცეები უდავოდ აუცილებელია, მით უფრო იმ ფონზე, როცა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მზარდია. გვიხარია, რომ აქ სტუდენტებისთვის შეიქმნება კარგად დაცული და მრავალფუნქციური გარემო“, - განაცხადა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტმა ფარნავაზ ტყემალაძემ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11