მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ვრცელი სამეცნიერო მოხსენებით წარსდგა

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ვრცელი სამეცნიერო მოხსენებით წარსდგა

25-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე ვრცელი სამეცნიერო მოხსენებით - „ჰიდროტექნიკური ნაგებობები საქართველოში - სტრუქტურა, პრობლემები და პერსპექტივები“ წარსდგა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში, ქართული ჰიდროინჟინერიის სფეროს აქტუალური ფუნქციები, პრობლემები და მისი მართვის პერსპექტივები განიხილა.

პროფესორ დავით გურგენიძის მოხსენება ეფუძნება ხანგრძლივ სამეცნიერო კვლევას ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის მიმართულებით, როგორც საინჟინრო საქმის ერთ-ერთ უმთავრეს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც თავის მხრივ, განსაზღვრავს ენერგეტიკის დარგის, მდინარეებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკურ, სოციალურ, ასევე, სასმელი წყლის უსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებების განვითარებისა და ეფექტურობის პერსპექტივებს.

როგორც საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოსთვის, როგორც მთაგორიანი რელიეფის, მრავალრიცხოვანი მდინარეების, ზღვის სანაპირო ზოლისა და მაღალმთიან ზონაში ტბების მქონე ქვეყნისთვის, ერთ-ერთი უმმნიშვნელოვანესია ჰიდროენერგეტიკული სფერო და შესაბამისად, ჰიდროტექნიკური ნაგებობები. დავით გურგენიძის თქმით, აღნიშნული განაპირობებს რამდენიმე განსაკუთერბულად აქტუალური საკითხისა და მათთან დაკავშირებული პრობლემათა რიგის განხილვას ქვეყნის პერსპექტიული განვითარების ჭრილში.  

„კვლევის პროცესში ჩართული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი და სტუდენტები, როგორც მაგისტრანტები, ასევე დოქტორანტები. ჩემი კვლევის მიზანი იყო, მაქსიმალურად მოგვეცვა საქართველოში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, დეტალურად გაგვეანალიზებინა არსებული სიტუაცია და ის პრობლემები, რომელთა გადაჭრა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, შევხებოდით ენერგეტიკის დარგში არსებულ გამოწვევებსაც, გარემოსდაცვით პრობლემებსაც და იმ პერსპექტივებს და სარგებელს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიების და დანერგვით  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მიიღებს. ამ შემთხვევაში, გავითვალისწინეთ დასავლეთ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და აზიის წამყვანი ქვეყნების, როგორც ტრადიციული, ასევე უახლესი მიღწევები, რაც ვფიქრობთ, ჩვენმა ქვეყანამაც აუცილებლად უნდა გაიზიაროს და საკუთარ რეალობას მოარგოს. ჩემს მოხსენებაში შევეხე  მცირე, მიკრო, მინიჰესებს და მათი განვითარების პერსპექტივებს, ასევე, აკუმულირებად ჰესებსა და მათი განვითარების შესაძლებლობებს; დეტალურად განვიხილე ჩვენს ქვეყანაში სიმძლავრეების ათვისების პრობლემა და მისი გადაჭრის საჭიროება; ანალიზი გავუკეთე ენერგიის ალტერნატიული წყროების გამოყენების პერსპექტივებს, მათ შორის ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობებში ზღვის ტალღების ენერგიის გამოყენებას და ამის მეშვეობით, გაცილებით იაფი ენერგიის მიღებას, რისი განვითარების საკმარისად დიდი შესაძლებლობა გააჩნია საქართველოს შავი ზღვის ფაქტორის გათვალისწინებით; განვიხილე ტერიტორიების დატბორვის საწინააღმდეგო საშუალებები და შესამუშავებელი აუცილებელი ღონისძიებები, მდინარეებისა და ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის პერსპექტიული მიდგომები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის: სასმელი წყლის  სრულფასოვანი დაცვის სისტემების შექმნა-ამოქმედებისა და ჩაღვრილი ნავთობპროდუქტებისგან ზღვის სივრცეებისა თუ სანაპირო ზოლის დაცვის შესაძლებლობები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც შედარებით დაბალ ბიუჯეტს მოითხოვს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იგეგმება ნაგებობების, ჰიდროტექნიკის, ელექტროტექნიკისა და მექანიკის სპეციალისტთა ჯგუფის შექმნა, რომელიც ოკეანოლოგებთან ერთად ხელახლა და საფუძვლიანად შეისწავლის ზღვის ტალღების ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებს ელექტროენერგიის მისაღებად. გარდა ამისა, უნივერსიტეტში შექმნილია მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ამუშავებს ჰიდროტექნიკურ პრეცეზიულ ნაგებობებს, რომელთა გამოყენება ეფექტიანი იქნება შავ ზღვაში ნავთობის ლაქების ბლოკირებისთვის“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. 

თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული მტკივნეული საკითხები ნამახვანჰესის, ხოლო თავდაცვითი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომის მაგალითზე განიხილა.

„ნამახვანჰესის კასკადის პროექტის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა, რომ კაშხლების ადგილმდებარეობის შერჩევისა და დაპროექტების ყველა კომპონენტი მოითხოვს არა მარტო სპეციალისტების ჩართულობას, არამედ საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ფართოდ გათვალისწინებას, რაც ამ საკითხთან მიდგომის ახალი მეთოდების შემუშავებას მოითხოვს. ეს არ იქნება ადვილად მიღწევადი, მაგრამ არსებული მიდგომები აუცილებლად გადახედვას საჭიროებს. ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად დაგვანახა, რომ კაშხლების მშენებლობა და ექსპლუატაცია განსაკუთრებულ შეფასებას და სისტემურ შესწავლას მოითხოვს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებთს მიმდებარე ტერიტორიებზეც. გარდა ამისა, აუცილებელია ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის სივრცით დაგეგმარებაში არ არის განხილული ქვეყნის თავდაცვის სექტორი. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰესების, მათ შორის კაშხლების, წყალსაცავებისა და სხვა ობიექტების განთავსებას გარკვეული ლოკაციების გათვალისწინებით. მათი სწორი გამოყენება ქმნის თავდაცვის ეფექტური პროცედურების ამოქმედების შესაძლებლობას - კალაპოტებისა და ტერიტორიების გამიზნული დატბორვა, გადასასვლელი ფონების შექმნა წყლის დონეების დაწევით და ა.შ. უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებმა ჰიდროტექნიკური ნაგებობებისადმი განსაკუთრებული ინტერესი დაგვანახა, როგორც მოწინააღმდეგის, ასევე, თავდაცვის მხრიდან. ამის თვალ­საჩინო მაგალითები იყო კიევის ჩრდილოეთით მდებარე დამბა და უკრაინის სამხრეთით მდებარე წყალსაცავები. მსგავსი საკითხების ანალიზით შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ სად უნდა მდებარეობდეს კაშხალი და როგორ უნდა იყოს დაცული“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, გამოსვლის დასასრულს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს ინიციატივით მიმართა, რომელიც მისი განმარტებით, გარდაუვალი აუცილებლობით არის განპირობებული.

„ჰიდროტექნიკური ნაგებობების სტრუქტურული და ფუნქციური შესწავლის, ექსპერიმენტული კვლევისა და პროექტების სტადიების თანამედროვე დონეზე წარმართვისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებულია ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროტექნიკის გამოყენების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიული კომპლექსის შექმნა. მოხსენებაში განხილული საკითხების, პრობლემების, ქართველ და უცხოელ მეცნიერ-ექსპერტთა წინადადებების სისტემური განხილვისა და შესრულების ეტაპობრივი კონტროლისთვის, ასევე ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში კონკრეტული სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებების გაერთიანებისთვის მიზანშეწონილი იქნება, მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ შექმნას „ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მეცნიერული კვლევების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის სამეცნიერო საბჭო“, რომელიც იქნება მრავალდარგობრივი და დაკისრებულ ფუნქციებს აკადემიის დე­ბულების შესაბამისად განახორციელებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა აქტიურად იმსჯელა პროფესორ დავით გურგენიძის მოხსენების თაობაზე, შეაჯერა ქვეყნისთვის ის განსაკუთრებულად აქტუალური გამოწვევები და მათი თანმდევი პრობლემები, რაც მოხსენებაში იყო განხილული და მხარი დაუჭირა „ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მეცნიერული კვლევების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის სამეცნიერო საბჭოს“ შექმნის თაობაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივას.

მოხსენების შესახებ ვრცლად ისაუბრეს და მაღალი შეფასება მისცეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა - როინ მეტრეველმა, აკადემიკოს-მდივანმა - რამაზ ხუროძემ, აკადემიკოსმა - თამაზ შილაკაძემ, საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის შეფასებით კი, პროფესორ დავით გურგენიძის მოხსენება, რომელიც ფუნდამენტურ კვლევებს ეფუძნება, საქართველოში არსებული რეალური ვითარების გათვალისწინებით, არის მრავლისმომცველი, აქცენტირებული სამეცნიერო მიდგომებითა და პრობლემების გადაჭრის თანამედროვე გზებით, რისი გათვალისწინებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰიდროინჟინერიის დარგის, არამედ სამომავლოდ, საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11