მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს

23-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს და აღნიშნული მოვლენის უდიდეს სამეცნიერო მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს.

„23 წლის წინ, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო საზოგადოება უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდა. 1999 წლის 23 ივლისს პირველმა ქართულმა კოსმოსურმა ობიექტმა - დიდგაბარიტიანმა რეფლექტორმა წარმატებით გაიარა გამოცდა ღია კოსმოსურ სივრცეში და დამოუკიდებელ ორბიტაზე დაიწყო ფრენა. მას შემდეგ, ყოველ 23 ივლისს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე აღინიშნება. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიაში დასაბამი მისცა დროის ათვლის კიდევ ერთი საწყისს - ქართველთა მიერ შექმნილი საინჟინრო ნაგებობა გასცდა დედამიწას და უკიდეგანო კოსმოსში გავიდა.

კოსმოსური რეფლექტორის გენერალური კონსტრუქტორი აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილია. მასთან ერთად, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნაზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები და მკვლევრები.

წელს, დიდი ტრადიციების მქონე პირველი ქართული უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს არ არის მხოლოდ თარიღი, რომელიც სიამაყით გვავსებს - ეს არის ჟამი ქვათა შეგროვების, როცა ვაფასებთ და სისტემურად ვაანალიზებთ განვლილ გზას, რომელიც საქართველოში საინჟინრო სკოლის შექმნას, მის განვითარებასა და მიღწევებს უკავშირდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტვირთა ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამთო, გეოლოგიური, ქიმიური, გამოთვლითი ტექნიკის დარგების საკადრო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური, ტექნოლოგიური განვითარება და მიღწევები.

უნივერსიტეტის მოღვაწეობის 100-წლიანი პერიოდი მრავალ წარმატებულ სამეცნიერო ისტორიას მოიცავს და მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა და კოსმოსში გაშვებაა. ეს მოვლენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერ-მკვლევრების მოღვაწეობის იმ უმმნიშვნელოვანეს ეტაპს ეხება, რომელმაც განაპირობა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა და საფუძველი ჩაუყარა დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის კოსმოსში გაშვების ისტორიას. გასაშლელი რეფლექტორი დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით. მეტიც, საქართველოში პრიორიტეტული მიმართულების - კოსმოსური ნაგებობისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების დაარსება შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პოტენციალის ერთობლივი, სისტემური და ხანგრძლივი თანამშრომლობით.


ბატონი ელგუჯა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ინჟინერ-მკვლევრებთან ერთად, დღესაც წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას. დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში აიგო 48 მ სიგრძის, მრავალჯერადი გამოყენების გასაშლელი ხიდი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა; შესრულდა საკონტრაქტო სამუშაოები გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-ის დაკვეთით; ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სატენდერო კონკურსში გამარჯვებით დაიწყო მუშაობა ახალი თაობის დიდი კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორის შესაქმნელად. პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პარტნიორობას უწევდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: იტალიური Alenia Aerospacio, ესპანური Sener-ი, ავსტრიული Magna, შვეიცარიული HTS-ი და სხვები; ბოლო წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიღწევების გათვალისწინებით, ამერიკულმა კომპანია EOS Data Analytics-მა საქართველოში დააფუძნა კომპანია T.S.Georgia, რომელიც ამერიკისთვის ქმნის დიდ გასაშლელ კოსმოსურ რეფლექტორს მცირე ზომისა და წონის თანამგზავრებისთვის. სამუშაოები, T.S. Georgia-ს გენერალურ კონსტრუქტორ ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრულდება.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ელგუჯა მეძმარიაშვილის, როგორც იმდროინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  ახალგაზრდა მკვლევრის, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების აღიარებას, 1981 წლის 1 იანვრიდან,  მოჰყვა „სრულიად საიდუმლო“ მრავალმილიონიანი საკავშირო პროგრამის – „სამხედრო ტექნიკის პერსპექტიული მიმართულებები და მათი რეალიზაციის ფორმები“ შემუშავება. შემდგომ,  დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ამ უპრეცედენტო ფაქტმა უდიდესი ისტორიული შედეგი გამოიღო არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოში, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაპროექტდა, დამზადდა და შემდეგ, კოსმოსურ ორბიტაზე გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი.

კოსმოსური ობიექტის შექმნის პრინციპები შემუშავდა, ექსპერიმენტული კვლევები ჩატარდა, აწყობის ტექნოლოგიური ციკლი განისაზღვრა და გამოიცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მცხეთის სასტენდო კომპლექსში, რომელიც არაგვის ველზე, სოფელ საგურამოსთან მდებარეობს და რომელსაც მე-20 საუკუნის 80–90-იან წლებში მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა. კოსმოსური ობიექტის პროექტი დამუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ. კოსმოსური ობიექტის ორი – საფრენოსნო და სარეზერვო ეგზემპლიარი დამზადდა თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში, სადაც მათი საქარხნო გამოცდებიც ჩატარდა. ობიექტის საფრენოსნო ეგზემპლიარი, დაკეცილი სატრანსპორტო პაკეტის სახით, მომზადდა და გაიგზავნა „ბაიკონურის“ კოსმოდრომზე, სადაც ის კოსმოსურ ხომალდში განათავსეს. კოსმოსური ობიექტის სარეზერვო ეგზემპლიარის სასტენდო, წინასაფრენოსნო გამოცდები კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსური ტექნიკის სასტენდო დარბაზში ჩატარდა.

1999 წლის 16 ივლისს რაკეტა-მატარებელმა, კოსმოსურ  ხომალდ „პროგრეს-42“-ის ორბიტაზე გასაყვანად, რომელშიც განთავსებული იყო რეფლექტორის დაკეცილი, სატრანსპორტო პაკეტი, კოსმოდრომ „ბაიკონურიდან“ სტარტი განახორციელა. 1999 წლის 18 ივლისს კოსმოსური ხომალდი შეუპირისპირდა ორბიტულ სადგურს, 1999 წლის 19 ივლისს კი კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორის დაკეცილი პაკეტი - დიამეტრით 0,6 მეტრი, სიმაღლით 1,2 მეტრი და მასით 34 კგ - კოსმონავტებმა კოსმოსური ხომალდიდან მსოფლიოში იმ დროს ერთადერთ, ორბიტულ სადგურ “მირ”-ზე გადაიტანეს.

1999 წლის 23 - 28 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, გაიშალა და გამოიცადა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. კოსმოსური პროგრამა „რეფლექტორის“ წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1999 წლის 28 ივლისს, რეფლექტორი ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დედამიწის ირგვლივ, დამოუკიდებელ ორბიტაზე. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ყოველმხრივ მომსახურება და მათ შორის, სრულმასშტაბიანი მექანიკური გამოცდები, კოსმოსურ ექსპერიმენტ „რეფლექტორის“ შესაბამისად, ორბიტულ სადგურზე ინტერნაციონალურმა ეკიპაჟმა უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება კოსმონავტიკის ისტორიასა და სამეცნიერო გამოცემებში აღიარებულია პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად კოსმოსურ ტექნოლოგიებში. შესაბამისად, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი ქართული დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის ორბიტაზე გაყვანისა და წარმატებული გამოცდის თარიღი, როგორც მოვლენა, შეტანილია კოსმოსის ათვისების უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკათა ჩამონათვალში. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანიდან 23 წლის შემდეგაც, ჯერჯერობით, ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) წევრი სახელმწიფოებისთვის მიუღწეველია დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის კოსმოსში გაყვანა და წარმატებული გაშლა.

ზოგადად, დიდგაბარიტიანი, გასაშლელი, ზუსტი გეომეტრიის, ხისტი და მსუბუქი რეფლექტორის შექმნა ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა კოსმოსური ტექნოლოგების განვითარებაში. ამ ტიპის ნაკეთობა, თავისი მოცულობის გამო, ტრანსფორმერია და რაკეტა-მატარებელში დაკეცილ მდგომარეობაში თავსდება, კოსმოსში კი თავის საექსპლუატაციო ფორმას გაშლის შედეგად აღწევს. დიდგაბარიტიანი რეფლექტორის ბაზაზე შექმნილი ანტენები კოსმოსიდან დედამიწის, ციური სხეულების და კოსმოსური ობიექტების დაკვირვებისა და ინფორმაციული ურთიერთკავშირის ძირითადი ინსტრუმენტებია. რეფლექტორული ანტენებით ხდება ციფრული სატელეკომუნიკაციო ამოცანების გადაწყვეტა, მათ შორის მობილური კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა, ცისფერი პლანეტის კლიმატის, ფლორისა და ფაუნის, ჰიდრორესურსებისა და წიაღისეულის შესწავლა და იმ ტიპის მრავალი სამეცნიერო ამოცანის გადაჭრა, როგორიცაა: დედამიწაზე განსაკუთრებული სიტუაციების ფიქსაცია, ბალისტიკური რაკეტების სტარტის აღმოჩენა, წყალქვეშა ნავების გადაადგილების განსაზღვრა, სამხედრო ტექნიკის დისლოკაციისა და გადაადგილების კონტროლი და სხვ. გარდა ამისა, კოსმოსური დიდგაბარიტიანი რეფლექტორების გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მზის კონცენტრატორებში, რაც მომავლის ენერგეტიკაში დამატებითი რესურსების შექმნას განაპირობებს.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შემქმნელებისა და კოსმოსში ჩატარებული ექსპერიმენტის მონაწილეთა ღვაწლი აღინიშნა სახელმწიფო ჯილდოებით, გამოიცა საფოსტო მარკები და რაც მთავარია,  საქართველოში 23 ივლისი „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ“ დაწესდა.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ღირსშესანიშნავ თარიღს - პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის კოსმოსში გასვლის დღეს, უპირველეს ყოვლისა, ვულოცავთ აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილს, ვულოცავთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის საინჟინრო-სამეცნიერო წრეებს, ვულოცავთ მთელ საქართველოს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვაში.

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში დაშლისა და გამოცდის ამსახველი ფოტო-ვიდეოკადრები გადაღებულია ფრანგი ასტრონავტის - ჟან-პიერ ენიერეს მიერ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11