მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გარდაიცვალა პროფესორი დემი ლაოშვილი

გარდაიცვალა პროფესორი დემი ლაოშვილი

21-07-2022

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქვეყნის სამეცნიერო-პედაგოგიურმა საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროენერგეტიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის დირექტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ეროვნული ენერგეტიკული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დემი ლაოშვილი.

იგი დაიბადა 1940 წელს ქ. ხაშურში. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დ. ლაოშვილმა სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1962 წელს. ასპირანტურის დამთავრებისა და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი დაბრუნდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც განვლო გზა პროფესორობამდე, ენერგეტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორობამდე.

დიდია პროფესორ დემი ლაოშვილის დამსახურება ეროვნული ენერგეტიკული კადრების აღზრდის საქმეში. 1981-1991 წლებში იგი მუშაობდა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანად, 1991-1995 წლებში – ენერგეტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორად, 1995-2005 წლებში, ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ - ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანად.

განვლილ პერიოდში დემი ლაოშვილის ხელმძღვანელობით ენერგეტიკის ფაკულტეტმა გამოუშვა 7000-ზე მეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე, მსხვილი სამრეწველო საწარმოების ენერგეტიკულ სამსახურებში, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.

აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას პროფესორი დემი ლაოშვილი წარმატებით უთავსებდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას. იგი არის 220-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის, მათ შორის 11 სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის, რიგი მეთოდური მითითებების ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი სადოქტორო და სამი საკანდიდატო დისერტაცია.

პროფესორი დემი ლაოშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება იყო ელექტროენერგეტიკული სისტემების საიმედოობისა და მისი ოპტიმიზაციის პრობლემები, რომელსაც მან ორი მონოგრაფია მიუძღვნა. მანვე დაამუშავა ელექტრომომარაგების სისტემების საიმედოობის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გაანგარიშების მეთოდები, უპირატესად მთიანი რეგიონებისათვის, რაც საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას, რომელიც დაიცვა 1993 წელს. 1994 წელს დ. ლაოშვილს პროფესორის სამეცნიერო წოდება მიენიჭა.

პროფესორ დემი ლაოშვილს კარგად იცნობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამეცნიერო-ენერგეტიკული საზოგადოება. იგი იყო 60-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის, სიმპოზიუმისა და ფორუმის მონაწილე, რიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანოს – ჟურნალ “ენერგეტიკის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. პროფ. დ. ლაოშვილი სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს ენერგეტიკის პრობლემების შემსწავლელ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და სამთავრობო კომისიების მუშაობაში.

დემი ლაოშვილის ინიციატივით 1997 წელს შეიქმნა ელექტროენერგეტიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრი, სადაც მუშავდება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა ენერგოსისტემის რეაბილიტაცია მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან ურთიერთკავშირის პირობებში; ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე დინამიკური პროცესების ოპტიმიზაცია ენერგეტიკული მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით; ენერგეტიკული სისტემის რეაბილიტაცია 220-500 კვ ძაბვის ქსელებში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების ოპტიმალური რეგულირების დროს მათი დანაკარგების შემცირების მიზნით.

პროფესორ დემი ლაოშვილის მიერ გამოქვეყნებულია ფუნდამენტური სახელმძღვანელოები ელექტროენერგეტიკული პროფილის ყველა სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის. მისი სახელმძღვანელოები “ენერგეტიკა”, “ელექტრომომარაგება”, “ზოგადი ენერგეტიკია” და “ელექტროენერგეტიკა”, სტუდენტებისა და ენერგეტიკული სისტემის საინჟინრო პერსონალის სამაგიდო წიგნებად იქცა.

საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური ენერგეტიკული კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის პროფ. დ. ლაოშვილი 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

სახელმძღვანელოსათვის “ენერგეტიკა” დემი ლაოშვილს 2004 წელს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება, ხოლო სახელმძღვანელოსათვის “ელექტრომომარაგება” 2006 წელს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის პროფ. დ. ლაოშვილი დაჯილდოვებულია მედლით “გიორგი ნიკოლაძე”.

მინდობილი საქმისადმი ერთგულებამ და მაღალმა პასუხისმგებლობამ, კოლეგიალობამ და ორგანიზებულობამ, სტუდენტების მიმართ მზრუნველმა და ამავე დროს პრინციპულმა და საქმიანმა დამოკიდებულებამ დ. ლაოშვილს დამსახურებული აღიარება და ავტორიტეტი მოუპოვა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, აგრეთვე ენერგეტიკული სისტემის საინჟინრო პერსონალს შორის.

დიდი გულისტკივილით მივაცილებთ დემი ლაოშვილს ზეციურ საქართველოში. დაუვიწყარია მისი სახელი და ღვაწლი. იგი ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11