მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტმა „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტმა „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

20-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მკვლევართა მიერ შემუშავებულმა სამეცნიერო პროექტმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) საერთაშორისო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. შესაბამისად, ინსტიტუტი კოორდინაციას გაუწევს პროექტს - „საქართველოს ინიციატივა პარტნიორობისთვის ხელოვნური ინტელექტის დარგში“ (Georgian Artificial Intelligence Networking and Twinning Initiative).

გამარჯვებული პროექტი - „საქართველოს ინიციატივა პარტნიორობისთვის ხელოვნური ინტელექტის დარგში“ სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი მილიონ ევროს აღემატება. პროექტის განხორციელების პროცესში სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს პარტნიორობას უწევენ ევროპაში სამეცნიერო კვლევების მიმართულებით უპირობო ლიდერები: DFKI - გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი და INRIA - ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი), ასევე, მაღალი ტექნოლოგიების კომპანია Exolaunch-ი (გერმანია).

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აღნიშნავს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის აკადემიურმა პერსონალმა, პანდემიის მიუხედავად, არაერთ წარმატებას მიაღწია. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ინსტიტუტის ინიციატივას, ახალგაზრდა მკვლევრებით დაკომპლექტებული ხელოვნური ინტელექტის ცენტრი დააფუძნოს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული ნაბიჯების განხორციელება საქართველოს სამეცნიერო ინტეგრაციისთვის იმ ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის სფეროსა და მომავლის ტექნოლოგიებში. დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტის მონაწილე ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თაოსნობით, საქართველოში უნდა დაფუძნდეს ახალგაზრდა მკვლევრებით დაკომპლექტებული ხელოვნური ინტელექტის ცენტრი და მოხდეს მისი დაკავშირება ევროპის კვლევებისა და ინოვაციების საზოგადოებასთან. ასევე, მნიშვნელოვანია ინსტიტუტის აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, რომელთა ფარგლებშიც დამყარდა კონტაქტები ისეთ ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა - გერმანიაში: ზაარლანდის უნივერსიტეტი, ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი - DFKI, ტექნოლოგიების, ინოვაციების და კვლევების ცენტრი - Steinbeis Europa Zentrum; საფრანგეთში: ინფორმატიკისა და მათემატიკური კვლევების ევროპული ცენტრი - ERCIM, ლიონის კლოდ ბერნარის უნივერსიტეტი; იტალიაში: პალერმოს უნივერსიტეტის მათემატიკისა და ინფორმატიკის დეპარტამენტი; ესპანეთში: მადრიდის კომპლუტენსეს და ვიგოს უნივერსიტეტები; ამერიკის შეერთებულ შტატებში: მიჩიგანის და უიჩიტოს სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვ. მსგავსი სამეცნიერო კონტაქტები სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის მყარ საფუძველს და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას ქმნის, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისა და სართაშორისო კვლევებში ინტეგრირებისთვის“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. გარდა ამისა, ინსტიტუტი იყო პირველი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, სოროსის ფონდის დაფინანსებით, „ნატოს“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შექმნა ჩვენს ქვეყანაში ინტერნეტთან დამაკავშირებელ საკომუნიკაციო საშუალებებს შორის ერთ-ერთი პირველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინტერნეტქსელი - AcNet-ი.

„წლების განმავლობაში დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილების საფუძველზე, ინსტიტუტში დღეს შესაძლებელია ისეთი კვლევების ჩატარება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის  ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. კერძოდ: მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება მათემატიკური მეთოდების გამოყენებით და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება რთული ობიექტებისა და სისტემების მართვისთვის. ეს ობიექტები და სისტემები შეიძლება მიეკუთვნებოდეს ისეთ დარგებს, როგორიცაა: ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, საყოფაცხოვრებო მომსახურება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვ. განსაკუთრებით გვინდა შევეხოთ სასიცოცხლო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა მოითხოვს სახელმწიფოებრივ მიდგომებს, რადგან მათი გადაჭრა შეუძლებელია ერთი ინსტიტუციის ჩარჩოებში. ასეთ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება ბუნებრივი ან ტექნიკური ხასიათის კატასტროფის შემთხვევაში მოვლენათა შემდგომი შესაძლო განვითარების ანალიზი, სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების რეგულირება, გადაწყვეტილებათა მიღების მხარდამჭერი კლინიკური სისტემის შექმნა, დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს და დიდი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავებას. პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია თანამედროვე მეთოდებით კვლევა და მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია ე.წ. პარალელური თვლის ალგორითმები, რაც მოითხოვს თანამედროვე Grid და Cloud ტექნოლოგიების გამოყენებას. უახლესი ტექნოლოგიებით სარგებლობა კი ინსტიტუტს საშუალებას მიცემს, ჩაერთოს საერთაშორისო კომპიუტერულ ქსელში, გამოიყენოს მსოფლიოს მოწინავე კვლევით ცენტრებში შექმნილი, დანერგილი და აპრობირებული კომპიუტერული ტექნოლოგიები“, - აცხადებს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია.

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც 1956 წელს დაარსდა, არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო პროქტში მონაწილეობს. ინსტიტუტს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ნიკო მუსხელიშვილის სახელი 1977 წელს მიენიჭა, 2010 წლიდან კი ის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით ფუნქციონირებს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11