მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ფაბლაბის უპრეცედენტო პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი 14 სკოლა ჩაერთო

სტუ-ის ფაბლაბის უპრეცედენტო პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი 14 სკოლა ჩაერთო

14-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის უპრეცედენტო პროგრამამ - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ აფხაზეთიდან დევნილი საჯარო სკოლები მოიცვა. ამ ეტაპზე, პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი 14 სკოლის 70-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

პროგრამა - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა გასული წლიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს, გათვლილია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი სკოლებისა თუ ქართული დიასპორებისთვის.

უპრეცედენტო პროგრამის იდეა სტუ-ის ფაბლაბში დაიბადა და მას დღემდე ანალოგი არ გააჩნია. პროგრამის მეშვეობით, პირველად საქართველოში, სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, თავიანთი უნარების გამოვლენისა და კრეატიული იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იდეას სწრაფად გამოეხმაურა არაერთი საჯარო სკოლა და ქართული სათვისტომოები. „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ პირველი პროგრამაა, რომლის განხორციელება სტუ-ის ფაბლაბმა უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაიწყო და რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა. პროგრამა პანდემიის პირობებში ამუშავდა, თუმცა ამ ფაქტმა მუშაობაში ხელი ვერ შეგვიშალა და მიუხედავად ონლაინ ურთიერთობისა, მოსწავლეებში ფაბლაბის მიმართ დიდი ნდობა გაჩნდა, რაც პროგრამის მიმდინარეობაზეც დადებითად აისახა. სტუ-ის ფაბლაბმა სკოლის მოსწავლეებს მისცა საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ ახალ პროგრამაში, ეფიქრათ კრეატიული იდეებზე, მათ თემატურ დამუშავებასა და საბოლოო პროდუქტის დამზადებაზე. ამ მიზნის მისაღწევად, ფაბლაბმა სამიზნე ჯგუფების ონლაინ ფორმატში გაერთიანება და პროგრამის ამოქმედება შეძლო“, - ამბობს სტუ-ის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი.

როგორც გიორგი ფრანგიშვილი აღნიშნავს, სასიხარულოა, რომ პროგრამის - „ერთი პროექტი სტუ-ის ფაბლაბთან ერთად“ ფარგლებში ჩატარებულ თითოეულ აქტივობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუ-ის ფაბლაბის პროგრამაში აქტიურად არის ჩართული აფხაზეთიდან დევნილი არაერთი საჯარო სკოლა. თითოეულ სკოლაში, მოსწავლეების უშუალო ჩართულობით, ექსკლუზიური პროდუქტი შეიქმნა.

„პროგრამის ფარგლებში, საინტერესო პროექტები შეიქმნა. ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სტუ-ის ფაბლაბის მიერ ორგანიზებული ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე, ზუგდიდის ტექნოპარკში დამოუკიდებლად შექმნეს ილია ვეკუას სტენდი ბარელიეფით. საგულისხმოა, რომ რუხის ინოვაციურმა ცენტრმა, რომელიც გახსნის დღიდან თანამშრომლობს ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის N11 საჯარო სკოლასთან, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა პროექტის მონაწილეებს. შედეგად, სკოლის ფოიე არა მხოლოდ გალამაზდა, არამედ მოსწავლეებს მათემატიკის, როგორც ზუსტი მეცნიერების საიდუმლოებებში შეღწევისა და მისი დაუფლების განწყობა შეუქმნა. ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჯგუფმა ჭკვიანი ზარი დაამზადა, სხვა ჯგუფმა - სტარტერი და ა.შ. სტუ-ის ფაბლაბის გუნდის მენტორობით, საბოლოო ჯამში, მოსწავლეებმა თვითონ გადაწყვიტეს, რომელი პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი კონკრეტული სკოლისთვის“ - აცხადებს გიორგი ფრანგიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის პორტფოლიო 300-ზე მეტ განხორციელებულ ინოვაციურ პროექტს, ინსტალაციას, მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებულ მონაწილეობას აერთიანებს. სტუ-ის ფაბლაბის პროექტები 3D პრინტერების, CNC რუტერების, ლაზერული მჭრელებისა და სხვა დანადგარების მეშვეობით შექმნილი „გონიერი“ ნივთები და პროტოტიპებია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
13.07.2022


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11