მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ახალი, საავიაციო ინჟინერიის პროგრამა ამოქმედდა

სტუ-ში ახალი, საავიაციო ინჟინერიის პროგრამა ამოქმედდა

12-07-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - „საავიაციო ინჟინერია“ ამოქმედდა. ავიაინჟინერიით დაინტერესებულ სტუდენტებს წელს მობილობის საშუალება მიეცემათ, მომავალი სასწავლო წლიდან კი უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნული გამოცდების გავლით, მიღებას გამოაცხადებს.

„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა ოთხი წელია. სტუდენტი სწავლის პროცესში გაივლის ზოგადსაგანმანათლებლო, ზოგადსაინჟინრო და საავიაციო საინჟინრო სასწავლო კურსებს. პროგრამაზე, ასევე, უზრუნველყოფილია ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აღნიშნავს, უნივერსიტეტის როლი განსაკუთრებულია ავიამშენებელთა კადრების მომზადების მიმართულებით.

„თბილისის საავიაციო ქარხნის ინიციატივით, 1968 წელს, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში წარმატებით ამზადებდა ახალგაზრდა ავიაინჟინერებსა და მექანიკოსებს. თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის ბაზაზე, 1992 წელს ჩამოყალიბდა საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავიაინჟინერია იმდენად მოთხოვნადი სპეციალობა იყო, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები, სხვადასხვა დროს, მუშაობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, შვეიცარიაში, უკრაინაში და ა.შ. კათედრის მკვლევართა სამეცნიერო სტატიები ქვეყნდებოდა, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო რეფერირებულ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში. 2005 წელს კი, როდესაც შეიქმნა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, მის დაქვემდებარებაში მოექცა სტუ-ის საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ყველა ერთეული, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო ინფრასტრუქტურა. ამით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავიაინჟინრების მომზადება შეწყდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში განახლდა საავიაციო სპეციალისტების მომზადების პროცესი, რაც ქვეყანაში საავიაციო მრეწველობის განვითარებით არის განპირობებული. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროგრამის ხელმძღვანელს და იმ სტუდენტებს, ვინც ახალი სასწავლო წლიდან, მობილობით ჩაირიცხება უნივერსიტეტში და სწავლას ახალ პროგრამაზე გააგრძელებს, ხოლო ავიაციით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის კი, მომავალი წლიდან უნივერსიტეტი საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე უკვე მიღებას გამოაცხადებს“, - აცხადებს რექტორი, დავით გურგენიძე.

სტუ-ის საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, რამინ ზუკაკიშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის მიზანია, მოამზადოს საავიაციო ინჟინერიის კვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც მიიღებენ ფართო ცოდნას თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებისა და საავიაციო ინჟინერიის ფუნდამენტური პრინციპებისა და მათი გამოყენების შესახებ.

„უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ - „საავიაციო ინჟინერია“ აკრედიტაცია 2022 წლის თებერვალში გაიარა. დიდ მოტივაციას გვიქმნის ის ფაქტი, რომ სასწავლო კურსების ათვისებისათვის გამოყენებულია თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები, სტუდენტები კი სასწავლო პრაქტიკას საავიაციო საწარმოებში გაივლიან. სწავლის პროცესში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით და ისწავლონ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებსა და სკოლებში“, - აღნიშნავს რამინ ზუკაკიშვილი.

საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნით, კურსდამთავრებულს შესაძლებლობა მიეცემა დასაქმდეს იმ სახელმწიფო ან კერძო საავიაციო საწარმოებსა თუ ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება საფრენი აპარატების და საავიაციო ძრავების კონსტრუირების, პროექტირების, წარმოების, გამოცდისა და რემონტის პროცესებს. გარდა ამისა, დასაქმება შესაძლებელი იქნება ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, სამთავრობო სტრუქტურების საავიაციო ქვედანაყოფებში, ასევე, ქვეყნის ეკონომიკის ნებისმიერი დარგის საწარმოებში, სადაც მოთხოვნადია ბაკალავრის კვალიფიკაცია პროექტირების, წარმოების განვითარების, ხარვეზების დიაგნოსტიკის, რემონტისა და მომსახურების მიმართულებით.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11