მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში, სემინარი გაიმართა

სტუ-ში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში, სემინარი გაიმართა

08-07-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, დოქტორანტებისა და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის სემინარი - „ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“ („Preparation of Young Researchers for the Upcoming Academic Year under Marie Skladowska Curie Actions“) გაიმართა.  

სემინარის ჩატარებას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით, ორგანიზება „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა და მეცნიერების მენეჯმენტის სკოლამ გაუწიეს.

სემინარი, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. სემინარს, მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია და ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერი მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) მიმართულებით, მარია ფოდოტოვაიტე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საუბრისას შეეხო საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ ინიციატივებს, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებსა და მკვლევრებს აძლევს განათლების დონის ამაღლების, ასევე, პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კვლევებში აქტიური ჩართულობის საშუალებას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს მნიშვნელოვანი სემინარი ჩატარდა. ჩვენს ახალგაზრდა მკვლევრებსა და მეცნიერებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ „ჰორიზონტი ევროპის“ ერთ-ერთი მიმართულება - MSCA. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ეს პროგრამა უნივერსიტეტს, ახალგაზრდა მკვლევრებს, დოქტორანტებს დაეხმარება, ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯი ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის. სწორედ ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის მიზნით არის გათვლილი ის დიდი პროექტები და პროგრამები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირთან პარტნიორობით ხორციელდება საუნივერსიტეტო სივრცეში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სემინარის სამიზნე აუდიტორია, სამომავლოდ, საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ერთ-ერთი თვალსაჩინო აქტორი გახდება და შესაბამისად, საქართველოს სამეცნიერო სივრცესაც გააფართოვებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სემინარის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერს MSCA-ის მიმართულებით, მარია ფოდოტოვაიტეს და უცხოელ მომხსენებლებს, ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც  ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების მიმართულებით ეძლევათ.

 

„MSCA-ის მიზანია კვლევებისა და მკვლევრების დაფინანსება, მათი აღჭურვა ცოდნითა და უნარებით კარიერის ყველა ეტაპზე, საზღვრებს მიღმა მობილობისა და სხვადასხვა დისციპლინების გაცნობის გზით. მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები ხელს უწყობს შესაძლებლობების განვითარებას კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით, მკვლევართა კარიერაში გრძელვადიანი ინვესტირების გზით. ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, აქტიურად ჩაერთონ იმ პრიორიტეტების განსაზღვრაში, რომლებსაც დღეს ევროკავშირი გვისახავს და წარმატებით განავითარონ ის სამეცნიერო კვლევები, რომელსაც სადოქტორო პროგრამების ფარგლებში გეგმავენ. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი სემინარი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში სრულყოფილად ინტეგრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიას განცხადებით, პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ერთ-ერთი მიმართულება - MSCA არ წარმოადგენს მხოლოდ სამეცნიერო შეთანხმებას და თავისი არსით გაცილებით ფართომასშტაბურია.

„ეს არის ევროკავშირის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება მეცნიერების განვითარებისთვის, რომლის ფარგლებში, დაახლოებით, 100 მილიარდის ოდენობის თანხაა გამოყოფილი და სოლიდური წილი სწორედ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების მიმართულებაზე მოდის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკურსი, რომელშიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე. სწორედ ამგვარი მიდგომა  გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქცევა ერთ-ერთ ლიდერად ქართული სამეცნიერო კონსორციუმების შექმნის მიმართულებით“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

სემინარის მონაწილეებს ონლაინ მიესალმა ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერი მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) მიმართულებით, მარია ფოდოტოვაიტე და წარმატება უსურვა ახალგაზრდა მეცნიერებს, მკვლევრებსა და მათ ხელმძღვანელებს.

სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები  და სტუდენტები. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დანიის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების მიმართულებით, დანიის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სააგენტოს მრჩეველმა, მარლის ერიქსენმა, ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერმა EURAXESS-ის მიმართულებით, სლავენ მისლენჩევიჩმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, EURAXESS-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ქეთევან გაბიტაშვილმა. სემინარის ტრენერებმა და სპიკერებმა ქართველ მკვლევრებს MSCA-ის მიმართულებით ევროპის ქვეყნების გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარეს, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდა მკვლევრებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის, სადოქტორო ქსელები და მათი მნიშვნელობა, ინდივიდუალური სტიპენდიების მოპოვების გზები მკვლევრებისთვის, EURAXESS-ში ქართველ მკვლევართა და მეცნიერთა გაწევრიანების მნიშვნელობა და ფართო შესაძლებლობები.

 

2021 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11