მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სემინარი - „იმანუელ კანტის ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი“ გაიმართა

სტუ-ში ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სემინარი - „იმანუელ კანტის ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი“ გაიმართა

05-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, მუდმივმოქმედი ინტერდისციპლინური სემინარის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა თემაზე  - „იმანუელ კანტის ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი“ გაიმართა.

სემინარს, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართა, სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ნიკლაუს ლარგიერი უძღვებოდნენ.  განხილვის თემა იყო იმანუელ კანტის ანთროპოლოგიური, კულტურ-მეცნიერული ნაშრომი - „ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები: მარიამ ხაზარაძე, გიორგი კაშიბაძე და ნათია ფოფხაძე; სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის მეცნიერ-მკვლევრები: ქეთევან რჩეულიშვილი, ირაკლი თაბორიძე, დავით გალაშვილი და ლევან შატბერაშვილი; ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი მედეა შაფათავა და ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ხატია კვარაცხელია და მარიამ ჯიჭონია.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიაა, როგორც რეგიონული, ისე ინტერნაციონალური კოლაბორაციისთვის, რაც თანამედროვე აკადემიური სივრცის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მისი თქმით, უნივერსიტეტის მიზანია, საზოგადოებრივად მნიშვნელად აქტორად ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, მსგავსი ინტერნაციონალური სემინარებისა და მოხსენებების ჩატარება ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გენერირებას, არამედ თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისაც.

„იმანუელ კანტის ტექსტის მნიშვნელობა და გავლენა საკმაოდ დიდია თანამედროვე მეცნიერებისათვის, რადგან ის მოიცავს, როგორც ფილოსოფიურ, ისე ისტორიულ და ანთროპოლოგიურ ხედვებს ადამიანის, როგორც თავისუფალი არსების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ადამიანის მთავარი არსის - თავისუფლების - კანტისეული გააზრება დღესაც აქტუალურია და მისი მნიშვნელობა მით უფრო თვალნათელია, რამდენადაც იგი ადამიანთა შორის თანასწორი ურთიერთობის, რელიგიურობის, სეკულარული სახელმწიფოს იდეის თანამედროვე გააზრების საფუძველია. ამ ტექსტის განმანათლებლური ხასიათი სწორედ ის მომენტია, რაც მას ანიჭებს იმ უნივერსალურ მნიშვნელობას, რაზეც დაფუძნებულია თანამედროვე დემოკრატიული, თავისუფალი საზოგადოების ღირებულებები, კერძოდ, ადამიანის ღირსების თვითკმარობის და თანასწორობის ღირებულებები. ჩვენი უნივერსიტეტის მიზანია, საზოგადოებრივად მნიშვნელადი აქტორი იყოს, ამიტომ, ამგვარი ინტერნაციონალური სემინარების და მოხსენებების ჩატარება მიზნად ისახავს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გენერირებას, არამედ თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტი ღიაა, როგორც რეგიონული, ისე ინტერნაციონალური კოლაბორაციისთვის, რაც თანამედროვე აკადემიური სივრცის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია და მის წარმომადგენლებს მუდმივად აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე დასავლური კვლევითი გამოცდილების თანაზიარი იყოს“, -  განაცხადა სტუ-ის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა.

მუდმივმოქმედი ინტერდისციპლინური სემინარს ორგანიზებას უწევენ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი სამეცნიერო კლასტერი - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“, ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტები.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11