მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ფაბლაბმა ახალი პროექტის - „FREE - სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“ განხორციელება დაიწყო

სტუ-ის ფაბლაბმა ახალი პროექტის - „FREE - სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“ განხორციელება დაიწყო

04-07-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, უნივერსიტეტის სტუ-ის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველად, ახალი პროექტის - „FREE - სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“ განხორციელება დაიწყო.

ახალი პროექტი 12-საათიან ტრენინგს მოიცავს და სტუდენტებისთვის საბაზისო ინფორმაციის სამი მიმართულებით გაცნობას გულისხმობს: აზროვნების ტექნოლოგია - ესკიზი და მოდელირება, ელექტრონიკა-პროგრამირება და პრაქტიკა-ვორშოპი. პროექტი მოკლევადიანია, მორგებულია სტუდენტების ინტერესებზე და სწრაფ, ეფექტურ შედეგზეა გათვლილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-ის ფაბლაბის ახალი პროექტის დანერგვა ორმხრივ მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, პროექტში  ჩართვა შეეძლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც მინიმალური დროის დანახარჯით, დაეუფლება კრეატიული იდეის მომზადებისა და განხორციელების ხელოვნებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სასწავლო პროცეში ახალგაზრდების ინტერაქტიურ ჩართვას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ახალი პროექტის იდეა და მიზანია, ნებისმიერ სტუდენტს მიეცეს საშუალება უმოკლეს დროში მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი უნარ-ჩვევები. უნივერსიტეტის ფაბლაბის გუნდი სტუდენტებს მიაწვდის აუცილებელ საბაზისო ინფორმაციას, გააცნობს გზებსა და მეთოდებს, რომლებიც მათ იდეებს საწყისი პროტოტიპის შემუშავებამდე მიიყვანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების კოორდინაციასა და მეტად ჩართულობას სასწავლო პროცესში. მთავარია, დაინტერესებულმა სტუდენტმა იცოდეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისთვის არსებობს კიდევ ერთი სივრცე, სადაც მთელი სტუდენტობის პერიოდში, თავისი იდეების განხორციელებას შეძლებს.  ფაბლაბმა სპეციალურად შეიმუშავა ორკვირიანი სწრაფი ტრენინგი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, მიღებული განათლებისა და მეწარმეობის სინთეზი მოახდინონ, რაშიც მათ ჩვენი ფაბლაბის მაღალკვალიფიციური გუნდი დაეხმარება“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ფაბლაბის ხელმძღვანელის, გიორგი ფრანგიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფაბლაბი სტუდენტებს მისცემს ცოდნას, თუ როგორ დაამუშაონ იდეა საწყის პროტოტიპამდე, ასევე, სტუდენტი, ესკიზისა და მოდელირების საფუძვლების დაუფლების შედეგად, შეძლებს იდეა გაცილებით მაღალ დონეზე - საბოლოო ელექტრონული ვერსიიდან გამშვები დანადგარების ექსპორტამდე მიიყვანოს.   ელექტრონიკა-პროგრამირების სწრაფი კურსის მეშვეობით კი, სტუდენტის მიერ შექმნილ მოდელს ფუნქციონალი მიენიჭება, რითაც მისი მართვა იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, სტუ-ის ფაბლაბი, უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან კოორდინაციით, სტუდენტური გუნდების ჩამოყალიბებაზე მუშაობს. 

„ყველა პროექტი, მათ შორის, „FREE -  სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“, გათვლილია შედეგზე და მოიცავს პრაქტიკა-ვორკშოფის სამსაათიან სამუშაოებს. საბოლოო ჯამში, პროექტის ყველა პუნქტის დაცვით, სტუდენტები შეძლებენ საკუთარი უნარების მრავალმხრივ განვითარებას. კრეატიული სტუდენტური იდეის გამოსავლენად მოეწყობა საუნივერსიტეტო ოლიმპიადა და ნამუშევრების გამოფენა. პროექტის მიზანია, თითოეული სტუდენტი აქტიურად ჩაერთოს სამუშაო პროცესში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სტუ-ის ფაკულტეტებთან კოორდინაციით, შეიკრას 5-7 სტუდენტისაგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რათა ახალგაზრდებმა, მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, შეძლონ სწრაფი და ეფექტური კურსის გავლა. რაც მთავარია, პროექტი არ იფარგლება რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულებით, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, სტუდენტი რომელ ფაკულტეტზე სწავლობს. დღეს სამეწარმეო უნარი ყველა ადამიანს სჭირდება. სტუდენტის მიერ ჩატარებული კვლევები და მასთან დაკავშირებული იდეები სამეწარმეო პრაქტიკაში უნდა ჩაეშვას და  მომხმარებლამდე მივიდეს. დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ განსხვავებული პროფესიის ადამიანები  ერთობლივად კრეატიულ პროდუქტს ქმნიან. აი, სწორედ ამ იდეას ემსახურება ჩვენი ახალი პროექტი“, - აღნიშნავს გიორგი ფრანგიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ფაბლაბი, კომერციალიზაციის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისთან, იმ მიზნით, რომ აწარმოოს ერთობლივი კვლევა, როგორ გავიდეს უმოკლეს დროში სტუ-ის ფაბლაბის მიერ დამზადებული პროდუქტი ბაზარზე და ამასთანავე, გახდეს მოთხოვნადი. შედეგად, გუნდური მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების იდეების რეალიზაციას მეტად შეუწყობს ხელს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

04.07.2022

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11