მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა

სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა

01-07-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა.

კონფერენციას ერთობლივ ორგანიზებას უწევენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტები. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ორგანიზაციები - „იტერ ვიტის საქართველო“ და მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი.  

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას და ერთ-ერთი პირველია, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთდროულად ორ - ქართულ და ფრანგულ დიპლომებს გასცემს.

„კონფერენცია მიზნად ისახავს, პირველ რიგში, მხარი დაუჭიროს მეღვინეობა-მევენახეობის დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და მის აღორძინებას ქვეყნის ისეთ რეგიონებში, რომლებიც ღვინის კულტურით მდიდარი ისტორიული წარსულითა და არასახარბიელო დღევანდელობით ხასიათდება. კონფერენციაზე მკვლევრები იმსჯელებენ ქართული ვაზის გენოფონდის გადარჩენაზე, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით უნიკალური ქართული ღვინოების დამზადების მეთოდების შენარჩუნება-პოპულარიზაციაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდა მკვლევრების მევენახეობა-მეღვინეობის დარგით მეტად დაინტერესებასთან. ამ ღონისძიების მეშვეობით, ასევე, მოხდება უცხოური მოწინავე და ექსპერიმენტული გამოცდილების გაზიარება. ეს საშუალებას მოგვცემს, წავახალისოთ ბაზრის შესწავლა-განვითარების და მართვის მოწინავე კონცეფციების დანერგვა. გარდა ამისა, ამით ხელი შეეწყობა ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარებასაც. ყველა ამ ტიპის საგანმანათლებლო-სამეცნიერო აქტივობა კი, კომპლექსურ ჭრილში, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების  უკეთეს პერსპექტივებს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი წარმატებაა ორდიპლომიანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის - „მევენახეობა და ენოლოგია“ დანერგვა. საბაკალავრო პროგრამა გასული წლიდან, ხოლო სამაგისტრო - წელს ამოქმედდა, რასაც საფუძველი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტს - მონპელიე სუპაგროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით ჩაეყარა. ეს პირველი ნაბიჯი იყო დიდი წარმატებისკენ“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

კონფერენციის გახსნით სესიაზე სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ისრაელის სახელმწიფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, კადასტრის პროგრამის კოორდინატორი, საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი დავით მაღრაძე, ისრაელის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დრორი შივი და ღონისძიების ორგანიზატორი ფაკულტეტების დეკანები.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენცია უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის სტუდენტებს სამეცნიერო და   პროფესიულ საქმიანობაში განვითარების მყარ საფუძველს შეუქმნის.

„კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის ორგანიზებითა და ინიციატივით ტარდება. სამივე ფაკულტეტს აერთიანებს უძველესი დარგი - მევენახეობა: ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს - ტურიზმის მიმართულებით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს -  მევენახეობა-ენოლოგიის სპეციალობის სწავლების პროცესში უახლესი სამეცნიერო მეთოდების დანერგვის, ხოლო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს - მაღალმთიან რეგიონებში ენდემური ჯიშის ვაზის კულტურის განაშენიენებისა და ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინების კუთხით. კონფერენციას ესწრებიან უცხოელი სტუმრები - ექსპერტები, მკვლევრები, რომლებიც სწორედ მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ. ამდენად, დარწმუნებული ვართ, კონფერენცია ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი სტუდენტებისათვის“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორები არიან ადგილობრივი სამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორი, საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო ინსტიტუტების უცხოელი მკვლევრები, ექსპერტები, ასევე იტალიის ღვინის კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია, ტრადიციად აქციოს ერთიანი სამეცნიერო დისკუსიის ფორმატი, შეკრიბოს მევენახეობა-მეღვინეობის, ასევე ღვინის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით მომუშავე ქართველი და უცხოელი მკვლევრები, სტუდენტები და იმსჯელოს დარგში მიმდინარე კვლევით საკითხებზე, გამოწვევებსა და ახალ პერსპექტივებზე.

„კონფერენცია ეხება მსოფლიო მევენახეობა-მეღვინობას, მის თანამედროვე გამოწვევებს და საერთაშორისო ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას ესწრებიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. კომპანია „იტერ ვიტის საქართველომ“, საგანმანათლებლო და კვლევის მიმართულებით, უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ეს კი ჩვენი სტუდენტებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სტაჟირება, დასაქმების პერსპექტივით, კერძო სექტორში გაიარონ. გარდა ამისა, იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების შემუშავებაც. კონფერენციას ისრაელის არიელის და ესპანეთის ტარაგონას უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფორმატში, თანამშრომლობის მემორანდუმი არიელის უნივერსიტეტთანაც გაფორმდა. მათთან კოლაბორაციით იგეგმება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება, ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციების მოწყობა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და ა.შ.“ - განაცხადა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა.

გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, კონფერენცია სექციების ფორმატში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს.  

იხილეთ ვიდეო


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11