მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის „მიშელ მუსხელის გეოპოლიტიკური და ევრო-ატლანტიკური კვლევის ცენტრის“ წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ლექცია გამართეს

სტუ-ის „მიშელ მუსხელის გეოპოლიტიკური და ევრო-ატლანტიკური კვლევის ცენტრის“ წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ლექცია გამართეს

30-06-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან არსებული „მიშელ მუსხელის გეოპოლიტიკური და ევრო-ატლანტიკური კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ედიშერ ჯაფარიძემ და პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წაიკითხეს საჯარო ლექცია - ,,მიხეილ მუსხელიშვილი - ევროინტეგრაციის სათავეებთან’’.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, სამინისტროს თანამშრომლები, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირინა დახუნდარიძე და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები.

როგორც სტუ-ის „მიშელ მუსხელის გეოპოლიტიკური და ევრო-ატლანტიკური კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ედიშერ ჯაფარიძე აღნიშნავს, საჯარო ლექციით სტუ-ის პროფესორები შეეხნენ მიხეილ მუსხელიშვილის - ევროპაში მიშელ მუსხელის სახელით ცნობილი - აღიარებული ქართველი მეცნიერის ღვაწლს ევროგაერთიანებების ჩამოყალიბების საქმეში.

„ევროგაერთიანებების ჩამოყალიბებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში უდავოდ მნიშვნელოვანია ცნობილი ქართველი მეცნიერის - მიშელ მუსხელის წვლილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ცარიელი ხელებით კი არ აპირებს ევროპულ ოჯახში შესვლას, არამედ ევროგაერთიანების გარიჟრაჟზე თავიდანვე მონაწილეობდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში. შეხვედრა, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მიშელ მუსხელის ცენტრის“ სახელით წარვსდექით, სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. ვფიქრობთ, დღეს, როდესაც ბრიუსელში საქართველოსთვის პერსპექტივის (კანდიდატის) სტატუსის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა, ყველა ,,საზოგადოებრივი’’ ორგანიზაციის ვალია, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და ქვეყანას აღნიშნულ რთულ პროცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი, რადგან ევროპულ ოჯახში საქართველოს გაერთიანება ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და ისტორიული კანონზომიერების ერთგვარი აღსრულებაა“, - განაცხადა ედიშერ ჯაფარიძემ.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. მსჯელობის პროცესში გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რაც ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობას უკავშირდება. 


ცნობისათვის, „მიშელ მუსხელის გეოპოლიტიკური და ევრო-ატლანტიკური კვლევის ცენტრი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2022 წლის  19 მაისს დაფუძნდა.





სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11