მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დელავერის უნივერსიტეტის პროფესორმა ლექცია-სემინარი გამართა

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დელავერის უნივერსიტეტის პროფესორმა ლექცია-სემინარი გამართა

30-06-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დელავერის საზოგადოებრივი მომსახურების კომისიის (აშშ) აღმასრულებელმა დირექტორმა, ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში მეცნიერებათა დოქტორმა, დელავერის უნივერსიტეტის  პროფესორმა, რაჯ ბარუამ ლექცია-სემინარი გამართა.

ლექცია-სემინარის ორგანიზატორია „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“. სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ლექცია-სემინარს ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, სტუდენტები, დარგის სპეციალისტები და „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ წარმომადგენლები.

ლექცია-სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ლენა შატაკიშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც ფაკულტეტთან საერთაშორისო დონორ ორგანიზაცია USAID-ს და მის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას აკავშირებს.

„აღსანიშნავია, რომ USAID-ი ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების განვითარებაში აქტიურადაა ჩართული. მათი ინიციატივით, ფაკულტეტზე არაერთი კონფერენცია და ღონისძიება გაიმართა. დღეს კი, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფრგლებში, USAID-ის მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ლექცია-სემინარი ჩატარდა, რომელმაც მომავალი ენერგეტიკოსების დიდი ინტერესი გამოიწვია, იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ სემინარი ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთმა საერთაშორისოდ აღიარებულმა პროფესორმა რაჯ ბარუამ ჩაატარა. ბატონ ბარუას, ელექტროენერგეტიკული ინდუსტრიისა და რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების რესტრუქტურიზაციის მიმართულებით, უდიდესი გამოცდილება აქვს“, - განაცხადა ლენა შატაკიშვილმა.

პროფესორი ბარუა სტუდენტებს ესაუბრა ენერგეტიკის სისტემების დაგეგმვაზე, რასაც ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„მე არც ინჟინერი ვარ და არც ეკონომისტი - ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიტიკოსი ვარ  და 35 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების ოთხ მარეგულირებელ სააგენტოში ვმუშაობდი. ჩემი სადოქტორო ნამუშევარიც ენერგეტიკის პოლიტიკას ეხება. აშშ-ის გარდა, ყველა სხვა ქვეყნაში ენერგეტიკის პოლიტიკა, როგორც სამეცნიერო მიმართულება, ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ როდესაც ენერგეტიკის სფეროში ღრმად ჩახედული ხარ, ენერგეტიკის პოლიტიკის მიმართულებითაც შეძლებ მუშაობას. რაც შეეხება ენერგეტიკის სისტემის დაგეგმვას, მნიშვნელოვანია, დავსვათ არაერთი კონკრეტული შეკითხვა. ჩემთვის, როგორც მენტორისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდან დასმული შეკითხვები მრავლისმომცველი და საინტერესო აღმოჩნდა“, - განაცხადა პროფესორმა რაჯ ბარუამ.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11